
ხორბალი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მარცვლეული კულტურაა, რომლის მოსავლიანობას და ხარისხს ფერმერებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ყოველი ახალი სეზონი მათთვის შესაძლებლობაცაა და გამოწვევაც.
როგორია ხორბლის 2026 წლის მოსავალი საქართველოში, რომელი ჯიშები აღმოჩნდა წელს მოწინავე პოზიციებზე, რომელმა ფერმერებმა მიაღწიეს საუკეთესო შედეგებს და რა ფაქტორები განსაზღვრავს უხვ და ჯანსაღ მოსავალს – ყველა ამ საკითხს ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.
ფერმერების რეიტინგი შედეგების მიხედვით
2026 წელს არაერთმა ქართველმა ფერმერმა შეძლო ხორბლის უხვი მოსავლის მოყვანა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სპარტაკი გულიაშვილის შედეგი, რომლის მოსავლიანობამაც ჰექტარზე 9 ტონას მიაღწია. შესაბამისად, მან ფერმერთა რეიტინგში დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.
გაეცანით „აგროსფეროს“ პარტნიორი ფერმერების ტოპ 10-ს, რომლებმაც SAATBAU-ს ხორბლის ჯიშებით 2026 წელს ყველაზე მაღალი მოსავლის მოყვანა შეძლეს:

როგორც რეიტინგიდან ჩანს, ხორბლის მოსავლიანობა ჰექტარზე 6-დან 9 ტონამდე მერყეობს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და გამოყენებული სათესლე მასალის მაქსიმალურ პოტენციალს უახლოვდება. რეიტინგის პირველ სამ პოზიციაზე AMICUS-ის ჯიშია წარმოდგენილი. მასთან ერთად ჩამონათვალში მოხვდა კიდევ ორი ჯიში – BALITUS და ARTIMUS.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიული კომპანია SAATBAU „აგროსფეროსთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს, რათა ქართველ ფერმერებს ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე მორგებული, ხარისხიანი და რაც მთავარია, სერტიფიცირებული სათესლე მასალა შესთავაზოს. AMICUS-ის, BALITUS-ისა და ARTIMUS-ის გარდა, „აგროსფეროს“ხორბლის სათესლე მასალის ასორტიმენტი მოიცავს სხვა ჯიშებსაც.
SAATBAU-ს სხვადასხვა ტიპის ხორბლის სათესლე მასალა
SAATBAU-სა და „აგროსფეროს“ მიერ სელექცირებული ხორბლის ჯიშები უკვე წლებია, აქტიურად და წარმატებით გამოიყენება ქართველი ფერმერების მიერ. მათ შორისაა, AMICUS, BALITUS და ARTIMUS.
AMICUS ადრეული სიმწიფის საშემოდგომო ხორბლის ჯიშია, რომელიც განსაკუთრებით კარგად არის ადაპტირებული შედარებით მშრალ პირობებთან. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ადრეული დათავთავება და მომწიფებაა, რაც მცენარეს გვალვით გამოწვეული სტრესის შემცირებაში ეხმარება. AMICUS გამოირჩევა მოკლე ღეროთი და ჩაწოლისადმი მედეგობით, რაც ინტენსიური წარმოების პირობებში მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ამასთან, შედარებით კარგი გამძლეობა აქვს ყვითელი ჟანგის მიმართ.
BALITUS საფქვავი ხორბლის ჯიშია, რომელიც მისი სიმწიფის ჯგუფში ძალიან მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. მას ასევე ახასიათებს ჩაწოლისადმი ძალიან კარგი მედეგობა და ყინვაგამძლეობა.
ARTIMUS ადრეული სიმწიფის, ფხიანი საშემოდგომო ხორბლის ჯიშია, რომელიც გამოირჩევა გვალვისა და წყლის დეფიციტის მიმართ კარგი ამტანობით. იგი იდეალურია ისეთი რეგიონებისთვის, სადაც ვეგეტაციის პერიოდში მაღალია მშრალი პერიოდების განვითარების ალბათობა. ARTIMUS-ს ახასიათებს მოკლე ღერო, ჩაწოლისადმი კარგი მედეგობა და მოსავლიანობის მაღალი პოტენციალი.
თუმცა, გაითვალისწინეთ, სათესლე მასალის შერჩევა მხოლოდ ერთ-ერთი საფეხურია. რაც არ უნდა საუკეთესო ხორბლის ჯიშები შეარჩიოთ, მაღალი მოსავლის მისაღებად, აუცილებელი იქნება სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებაც.
რა განაპირობებს უხვ და ჯანსაღ მოსავალს?
ხარისხიანი და შესაფერისი სათესლე მასალის შერჩევის გარდა, სასურველი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ნიადაგის სწორად მომზადება, თესვის ოპტიმალური დროისა და ნორმის განსაზღვრა, მცენარის დაბალანსებული კვება და დაავადებების დროული პრევენცია.
თითოეული ეს ფაქტორი გავლენას ახდენს მცენარის განვითარებაზე, თავთავის ფორმირებასა და საბოლოოდ მიღებული მარცვლის რაოდენობასა და ხარისხზე.
ნიადაგის მომზადება და დათესვის ნორმა
ხორბლის მოყვანის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპი ნიადაგის მდგომარეობის შეფასებაა. ნიადაგის სტრუქტურა, მჟავიანობა, ტენიანობა და მასში არსებული საკვები ელემენტების რაოდენობა პირდაპირ მოქმედებს მცენარის აღმოცენებაზე, ფესვთა სისტემის განვითარებასა და შემდგომ ზრდაზე. ამიტომაც ნიადაგის ანალიზი დათესვამდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აგროღონისძიებაა.
გარდა ამისა, ნაკვეთის მომზადებისას აუცილებელია ნიადაგის სათანადო დამუშავება, სარეველების კონტროლი და ისეთი სათესი ფენის შექმნა, რომელიც თესლის ნიადაგთან სათანადო კონტაქტს უზრუნველყოფს. ზედმეტად დატკეპნილმა ან არათანაბრად მომზადებულმა ნიადაგმა შეიძლება შეაფერხოს აღმოცენება და გამოიწვიოს ნათესის არათანაბარი განვითარება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფერმერი კარგად იცნობდეს ხორბლის დათესვის წესებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დათესვის ნორმის სწორად განსაზღვრა. ხორბლის ზედმეტად ხშირი დათესვა აფერხებს მცენარეების თანაბარ განვითარებას, რადგან მათ შორის იზრდება კონკურენცია წყალსა და საკვებ ნივთიერებებზე. ამან შეიძლება გაზარდოს ჩაწოლისა და ზოგიერთი დაავადების გავრცელების რისკიც.
საშემოდგომო ხორბალი და თესვის სწორი დრო
საშემოდგომო ხორბლის მოყვანისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი დათესვის დროის სწორად შერჩევაა. ოპტიმალურ პერიოდში დათესილი ხორბალი ზამთრის დადგომამდე ასწრებს ფესვთა სისტემის განვითარებასა და გამაგრებას, რაც უმნიშვნელოვანესია შემდგომი ვეგეტაციისთვის.
საშემოდგომო ხორბლის დათესვა დამოკიდებულია რეგიონებზე, ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურაზე, ტენიანობასა და კონკრეტული ჯიშის თავისებურებებზე. ადრე დათესვისას მცენარე შეიძლება უდროოდ და ზედმეტად განვითარდეს, რაც გარკვეულ პირობებში ზრდის დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების რისკს. დაგვიანებული თესვის შემთხვევაში კი ხორბალმა შესაძლოა ვერ მოასწროს საკმარისად ძლიერი ფესვთა სისტემის ჩამოყალიბება და ზამთრისთვის სათანადოდ მომზადება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თესვის მომენტში ნიადაგის ტენიანობასაც. ტენის ნაკლებობამ შეიძლება შეაფერხოს თესლის გაღივება და გამოიწვიოს არათანაბარი აღმოცენება, რაც საბოლოოდ ნათესის არაერთგვაროვნებას განაპირობებს.
მცენარის დაბალანსებული კვება
მცენარის სწორად გამოკვება ხორბლის ფორმირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საკვები ელემენტების სათანადო რაოდენობითა და სწორ დროს მიწოდება ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას, ღეროს ზრდას, თავთავის ფორმირებასა და მარცვლის შევსებას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აზოტოვან გამოკვებას. აზოტი აუცილებელია მცენარის ზრდისთვის, ფოთლების განვითარებისა და ფოტოსინთეზის პროცესისთვის. ის ასევე მონაწილეობს მარცვალში ცილების წარმოქმნაში, რაც ხორბლის ხარისხის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.
აზოტის გარდა, ხორბლის განვითარებისთვის აუცილებელია ფოსფორი და კალიუმიც. ფოსფორი ხელს უწყობს ფესვთა ძლიერი სისტემის ჩამოყალიბებას, ხოლო კალიუმი მცენარეს წყლის ეფექტიანად გამოყენებასა და არახელსაყრელი გარემო პირობების უკეთ გადატანაში ეხმარება.
დაავადებების პრევენცია და თესლის დამუშავება
ხორბლის მოსავლიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ფოთლები, ღეროები და თავთავები, შეაფერხოს მცენარის განვითარება და შეამციროს მარცვლის რაოდენობა ან ხარისხი.
ხორბლის ძირითადი დაავადებები მოიცავს ყვითელი ჟანგასა და სეპტორიოზს. ყვითელი ჟანგა ძირითადად ფოთლებზე ვითარდება და ხშირად მოყვითალო-მონარინჯისფრო ზოლების სახით ვლინდება. დაავადების გავრცელებისას მცირდება ფოთლის ჯანსაღი ზედაპირი, რაც აფერხებს ფოტოსინთეზს და შესაძლოა უარყოფითად აისახოს მარცვლის შევსებაზე. სეპტორიოზი კი ფოთლებზე ლაქების წარმოქმნით ხასიათდება. ხელსაყრელ პირობებში დაავადება შეიძლება გავრცელდეს მცენარის ზედა ფოთლებზეც, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარცვლის ფორმირების და შევსების პერიოდში.
დაავადებების პრევენცია ჯერ კიდევ დათესვამდე იწყება. პირველ რიგში, აუცილებელია შეირჩეს ხარისხიანი, ჯანმრთელი სათესლე მასალა. ზოგჯერ კი, შეიძლება საჭირო გახდეს თესლის სპეციალური პრეპარატებით დამუშავება.
სათესლე მასალის წინასწარი დამუშავებით შესაძლებელია მცენარის მთელი რიგი დაავადებებისგან დაცვა მისი განვითარების საწყის ეტაპზე, თუმცა ის ვერ ჩაანაცვლებს ვეგეტაციის პერიოდში ნათესის მონიტორინგისა და სხვა ღონისძიებების საჭიროებას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უხვი მოსავლისთვის ხარისხიანი სათესლე მასალის შერჩევა უმნიშვნელოვანესია, თუმცა არანაკლებ აუცილებელია ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინება, თესვის სწორად დაგეგმვა, მცენარის დაბალანსებული კვება და დაავადებების დროული პრევენცია.
სწორედ ამიტომ, 2026 წლის რეიტინგში წარმოდგენილი შედეგები მხოლოდ ხორბლის ჯიშების უპირატესობებით არ უნდა აიხსნას – ეს მაჩვენებლები ფერმერების მიერ მთელი სეზონის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებითაც არის განპირობებული.
თუ გსურთ, მომდევნო სეზონზე თქვენც მიიღოთ ხარისხიანი და უხვი მოსავალი, გირჩევთ მზადების პროცესი უკვე დაიწყოთ. ხარისხიანი, სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის, ასევე ინოვაციური სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და ხორბლის მოსაყვანად საჭირო სხვა აგროპროდუქტების შეძენას „აგროსფეროში“ შეძლებთ. გარდა ამისა, ჩვენი აგროკონსულტანტები დაგეხმარებიან რეგიონისა და მეურნეობის პირობებისთვის შესაფერისი ჯიშების შერჩევასა და მცენარის კვებისა და დაცვის ღონისძიებების დაგეგმვაში.
იხილეთ „აგროსფეროს“ ფილიალები და მისამართები, გვეწვიეთ თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე და ჩვენთან ერთად ჩაუყარეთ საფუძველი წარმატებულ 2027 წელს.
