
საქართველოს ისტორია და იდენტობა ხორბლის კულტურასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლის ერთ-ერთ უძველეს კერად მიიჩნევა. ამის დასტურია კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დანახშირებული მარცვლები, რომლებიც ადასტურებს, რომ ადგილობრივი მიწათმოქმედება და ხორბლის კულტივაცია 7000 წელზე მეტს ითვლის. ამ მდიდარი წარსულის შედეგია უნიკალური გენოფონდი — საქართველოში ხორბლის 14 სახეობაა გავრცელებული, მათ შორის 5 ენდემური, ანუ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ჯიშია.
თუმცა, ეს მდიდარი მემკვიდრეობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას აფერხებს სხვადასხვა პათოგენური ორგანიზმის, მავნე მწერებისა და გარემო პირობების ზემოქმედება. დაავადებებმა და მავნებლებმა შეიძლება მოსავლის 30%-ზე მეტიც კი გაანადგუროს, რაც ფერმერის შრომასა და შემოსავალზე აისახება.
დღეს უხვი მოსავლის მისაღებად მხოლოდ ისტორიული გამოცდილება აღარ არის საკმარისი. აუცილებელია, ფერმერმა იცოდეს, როგორ მართოს რისკები და გამოიყენოს თანამედროვე, გამოცდილი მიდგომები. ეს ბლოგი პრაქტიკული გზამკვლევია, რომელშიც გაგაცნობთ საქართველოს პირობებზე მორგებულ, მაღალმოსავლიან და გამძლე ჯიშებს. და, ამასთანავე, დეტალურად განვიხილავთ მათი მოყვანის, მოვლისა თუ მავნებელ-დაავადებებისგან დაცვის ეფექტურ მეთოდებს.
ხორბლის კულტურის ზოგადი დახასიათება
სანამ უშუალოდ ჯიშების განხილვაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, ზოგადად იცოდეთ, რა კულტურაა ხორბალი და რა სჭირდება მას სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის. საშემოდგომო ხორბალი (Triticum aestivum L.) მარცვლოვანთა ოჯახის წარმომადგენელი და ძირითადად ერთწლოვანი კულტურაა. მისი მოყვანა პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების სწორად შეფასებასა და აგროწესების დაცვაზე.
ტემპერატურა: ოპტიმალური ტემპერატურა ვეგეტაციის პერიოდში 22−25∘C-ის ფარგლებში მერყეობს;
ტენიანობა: ნიადაგის ტენიანობა 70-75%-ს, ხოლო ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 60-70%-ს უნდა შეადგენდეს;
ნიადაგის არეს რეაქცია (pH): ხორბალი საუკეთესოდ ვითარდება ნეიტრალურთან მიახლოებულ ნიადაგში, რომლის pH მაჩვენებელი 6.0-დან 7.0-მდე მერყეობს.
მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ახდენს ისიც, თუ რა კულტურა იყო დათესილი ნაკვეთზე ხორბლამდე. საუკეთესო წინამორბედებად ითვლება პარკოსანი კულტურები (მაგალითად, ბარდა, მუხუდო, ოსპი) და მრავალწლიანი ბალახები (ესპარცეტი, ტკბილი სამყურა). დამაკმაყოფილებელ წინამორბედებს მიეკუთვნება ზეთოვანი კულტურები, რაფსი, მდოგვი, სელი და ზაფრანა. ისინი აუმჯობესებს ნიადაგის ფიტოსანიტარიულ მდგომარეობას, ამცირებს ფესვის ლპობისა და სხვა დაავადებების განვითარების რისკს, რაც დადებითად აისახება მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე.
ამას მარტივი ახსნა აქვს. როდესაც ერთსა და იმავე ნაკვეთზე წლების განმავლობაში მხოლოდ ხორბალი ან სხვა თავთავიანი კულტურები მოგვყავს, ნიადაგი იფიტება და კონკრეტული საკვები ნივთიერებების დეფიციტი ჩნდება. ამასთანავე, იქმნება ხელსაყრელი გარემო ამ კულტურისთვის დამახასიათებელი დაავადებებისა და მავნებლების გამრავლებისთვის. თესლბრუნვის, ანუ კულტურათა მონაცვლეობის დაცვა კი ამცირებს ამ რისკებს და ნიადაგის სიჯანსაღის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ხორბლის ჯიში?
ხორბლის დათესვამდე ყველა ფერმერი ერთ მიზანს ისახავს — მიიღოს უხვი მოსავალი. ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას განსაზღვრავს, ხორბლის ჯიშის სწორად შერჩევაა.
ჯიშის შერჩევისას ორი მთავარი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:
ადგილობრივი კლიმატი და ნიადაგი: თქვენი არჩევანი უნდა შეესაბამებოდეს იმ გარემოს, სადაც ხორბლის მოყვანას აპირებთ. ჯიში, რომელიც კარგად იზრდება ერთ რეგიონში, შესაძლოა, მეორეში ნაკლებმოსავლიანი აღმოჩნდეს;
მოსავლის დანიშნულება: წინასწარ უნდა იცოდეთ, რა მიზნით გსურთ მოსავლის გამოყენება. მაგალითად, პურის წარმოებისთვის სხვა მახასიათებლების მქონე ხორბალია საჭირო, მაკარონის წარმოებისთვის კი სრულიად სხვა.
,,აგროსფეროს” მიერ რეკომენდებული ჯიშები
წლების წინ საქართველოს ბაზარზე ხორბლის ხარისხის კონტროლის მიმართულებით რთული ვითარება იყო. არ არსებობდა კანონი, რომელიც დაიცავდა ჯიშის სიწმინდესა და წარმომავლობა, რის გამოც ბაზარზე ხშირად ხვდებოდა გაურკვეველი ხარისხის, არასერტიფიცირებული სათესლე მასალა. ეს ფერმერებისთვის დიდ რისკს ქმნიდა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, კომპანია „აგროსფერომ“, ავსტრიულ პარტნიორ Saatbau-სთან ერთად, დაიწყო მუშაობა ადგილობრივ პირობებზე მორგებული, მაღალმოსავლიანი და ხარისხიანი ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაზე.
ამიკუსი
ამიკუსი საადრეო სიმწიფის, უფრო საშემოდგომო ხორბალია, რომელიც საუკეთესოა პურის გამოსაცხობად. მცენარე, გაზრდის შემდეგ,მყარად დგას და ჩაწოლის მიმართ მედეგობას ამჟღავნებს, რაც მოსავლის აღებისას დანაკარგს საგრძნობლად ამცირებს.
ამ ჯიშის მთავარი უპირატესობა მისი მაღალი გამძლეობაა დაავადებების ფართო სპექტრის მიმართ, მათ შორის, კარგად უძლებს სეპტორიოზს, ნაცარს, ჟანგას სახეობებსა და თავთავის ფუზარიოზს.
გალუსი
საადრეო, ფხიანი საშემოდგომო ხორბალია, რომელიც სტაბილურად მაღალი ხარისხის მარცვალს იძლევა. მისი მარცვალი საკმაოდ მძიმე და მკვრივია. გალუსი გამძლეა ყინვისა და ჩაწოლის მიმართ და მაღალი მედეგობით ხასიათდება ისეთი გავრცელებული დაავადებების მიმართ, როგორებიცაა ყვითელი ჟანგა და თავთავის ფუზარიოზი.
ბალიტუსი
ეს უფხო, საფქვავი ხორბლის ჯიშია, რომელიც საადრეო სიმწიფით ხასიათდება. მისი მთავარი უპირატესობა მაღალი მოსავლიანობა და კარგი ყინვაგამძლეობაა. ბალიტუსი უძლებს ჩაწოლას და კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატურ პირობებსაც. დაავადებებიდან აღსანიშნავია მისი მაღალი გამძლეობა სეპტორიოზის მიმართ.
ამანდუსი
საადრეო სიმწიფის, ფხიანი საშემოდგომო ხორბალია. მცენარეს ჯანსაღი ფოთლები აქვს, რაც მას უკეთესი განვითარების საშუალებას აძლევს. ყინვაგამძლეობა და ჩაწოლის მიმართ მედეგობა ამანდუსის დამატებითი უპირატესობაა. დაავადებებიდან გამოირჩევა მაღალი მედეგობით ღეროს ჟანგის მიმართ.
აპექსუსი
ადრეული სიმწიფის საშემოდგომო ჯიშია, რომელიც სწრაფად ღივდება, მაღალმოსავლიანია და კარგად უძლებს ყინვას. ამ თვისებების გამო აპექსუსი საუკეთესო არჩევანია იმ ფერმერებისთვის, ვისაც სტაბილური მოსავლის მიღება სურს.
როგორ წარმართავს ,,აგროსფერო” სათესლე მასალის შენახვის, დამუშავებისა და დაფასოების პროცედურებს?
მოსავლის აღების შემდეგ, სათესლე მასალა სპეციალურ სილოსებში თავსდება. აქ ის გადის პირველად წმენდას და რაც მთავარია, ხდება მისი ტემპერატურულ რეჟიმში გაგრილება. ამ პროცედურის მიზანია, თავიდან ავიცილოთ მარცვლის ნაადრევი გაღვივება და შევინარჩუნოთ მისი მახასიათებლები. ამის შემდეგ ხორბალი მოსვენების ფაზაში გადადის.
ტომრებში დაფასოებამდე მარცვალი გადის საბოლოო დამუშავებას. სპეციალური დანადგარი მას წმენდს დაზიანებული მარცვლებისგან და სარეველების ნარჩენებისგან. ამის შემდეგ, უკვე გასუფთავებული მასალა მუშავდება ფუნგიციდებითა და ინსექტიციდებით, რათა დაცული იყოს სოკოვანი დაავადებებისა და ნიადაგის მავნებლებისგან.
მხოლოდ ამ მრავალეტაპიანი პროცედურების გავლის შემდეგ ხდება სათესლე მასალის ტომრებში დაფასოება. შედეგად, ფერმერი იღებს სუფთა, დაავადებებისგან დაცულ და მაღალი აღმოცენების უნარის მქონე პროდუქტს, რომელიც მზად არის დასათესად.
რჩევები, რომლებიც დათესვისა და მორწყვისას უნდა გაითვალისწინოთ
საუკეთესო ჯიშის შერჩევის შემდეგ, მოსავლის ბედი სწორ აგროტექნიკურ ღონისძიებებზეა დამოკიდებული. ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები თესვა და მორწყვაა.
იმისათვის, რომ მცენარემ დაზამთრებამდე მოასწროს განვითარება და სათანადოდ მოძლიერდეს, თესვის დრო სწორად უნდა შეირჩეს. ზამთრის ხორბალი შემოდგომაზე, ნიადაგის გაყინვამდე 6-8 კვირით ადრე უნდა დაითესოს. აგროკალენდრის მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში თესვისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერი-ნოემბერია, ხოლო დასავლეთ საქართველოში — ნოემბერი.
მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობასა და მცენარის განვითარების ფაზაზე. სავეგეტაციო პერიოდში რეკომენდებულია ნათესის სამჯერ მორწყვა, რაც სეზონზე, ჯამურად, ჰექტარზე დაახლოებით 3000-3500 კუბურ მეტრ წყალს შეადგენს.
პირველი, თესვის შემდგომი მორწყვა, ტარდება სექტემბერ-ოქტომბერში აღმოცენების სტიმულირებისთვის. მეორე სავეგეტაციო მორწყვა, აუცილებელია აპრილ-მაისში, აღერების ფაზაში, ხოლო მესამე — ივნისში, დათავთავების პერიოდში. გასათვალისწინებელია, რომ საადრეო ჯიშების შემთხვევაში, რომელთა მოსავლის აღება ივნისში იწყება, ბოლო მორწყვა ვეღარ ესწრება.
გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ტენიანობა, განსაკუთრებით მომწიფების ფაზაში, შეიძლება მცენარისათვის საზიანო აღმოჩნდეს, რადგან ის სხვადასხვა დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.
ბრძოლა დაავადებებთან და მავნებლებთან
მაღალხარისხიანი ჯიშის შერჩევა და აგროწესების დაცვა საქმის მხოლოდ ნაწილია. იმისთვის, რომ ფერმერის შრომამ შედეგი გამოიღოს, აუცილებელია ნათესების დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისგან, რომლებსაც მოსავლის დიდი ნაწილის განადგურება შეუძლია.
ხორბლის კულტურაში გავრცელებული ძირითადი დაავადებები
ხორბლის ნათესებს ყველაზე ხშირად სოკოვანი დაავადებები აზიანებს. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა გუდაფშუტას სახეობები (მყრალი და მტვრიანა), რომლებიც პირდაპირ თავთავსა და მარცვალს უტევს. ასევე ფართოდაა გავრცელებული ჟანგას სხვადასხვა ფორმა (ყვითელი, მურა), სეპტორიოზი და ფესვის სიდამპლეები. ეს პათოგენები მცენარეს ასუსტებს, აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს და საბოლოოდ, მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს ამცირებს.

მავნებლები, რომლებიც ხორბლის ნათესებს აზიანებს
დაავადებების გარდა, ხორბლის ნათესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მავნე მწერები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პრობლემას ქმნის პურის ბზუალა, მავნე კუსებურა, ბუგრები, ჰესენის ბუზი და ჭია წურბელა. მავნებლების ნაწილი მცენარის წვენით იკვებება და ასუსტებს მას, ნაწილი კი ფოთლებსა და ღეროებს აზიანებს. მათი დროული კონტროლის გარეშე მოსავლის დიდი ნაწილის განადგურებაა მოსალოდნელი.
მავნებლების წინააღმდეგ საჭიროა სპეციალური ინსექტიციდების გამოყენება. ამ პრეპარატებში შემავალი აქტიური ნივთიერებები მწერების ფოზიოლოგიასა და ნერვიულ სისტემას არღვევს, რაც მათ კლავს. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა პროტეუსი, ის ზეთოვანი სითხეა და თანაბრად ნაწილდება მცენარის ნაწილებზე.

ხორბლის დაავადებებისა და მავნებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ ბლოგი.
გამოიყენეთ ინტეგრირებული დაცვის სტრატეგია
მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა მხოლოდ მათი ნიშნების გამოვლენის შემდეგ არ უნდა დაიწყოთ. ეფექტური მართვისათვის საჭიროა ინტეგრირებული ანუ კომპლექსური და წინასწარ კარგად დაგეგმილი მიდგომის გამოყენება.
აღმოცენებისთვის საფრთხეს წარმოადგენს როგორც თესლში არსებული დაავადებები და ნიადაგის პათოგენები, ასევე ნიადაგის მავნებლები, მავთულა ჭია, მაისის ხოჭო, ბუგრები, რწყილები და ჭიჭინობლები.
ამ საფრთხეების ასაცილებლად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება და თესლი იწამლება. მაგალითად, პრეპარატი გაუჩო სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ინსექტიცია, რომელიც დამუშავებულ სათესლე მასალას ფოთლებისა და ნიადაგის მავნებლებისგან იცავს.
მცენარის ზრდის პროცესში საჭიროა ნათესების მუდმივი მონიტორინგი და დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ფუნგიციდებით დამუშავება. უმჯობესია, ისეთი ფუნგიციდები შეირჩეს, რომლებიც რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას შეიცავს. ასეთი მიდგომა ამცირებს დაავადების გამომწვევების მიერ პრეპარატისადმი შეგუების ანუ რეზისტენტობის ჩამოყალიბების რისკს და უფრო ეფექტურად მუშაობს ჟანგას, სეპტორიოზისა თუ ნაცრის წინააღმდეგ.
ამრიგად, ხორბლის უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად სამი მთავარი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, შეარჩიეთ ადგილობრივ პირობებზე მორგებული, გამძლე ხორბლის ჯიშები. შემდეგ, დაიცავით დათესვისა და მორწყვის რეკომენდაციები და ბოლოს, მიჰყევით მცენარეთა დაცვის პრევენციულ სტრატეგიას.
ვიმედოვნებთ, რომ ბლოგში გაზიარებული რჩევები დაგეხმარებათ. უფრო მეტი და დეტალური ინფორმაციისათვის კი მიმართეთ "აგროსფეროს" აგროკონსულტანტებს. ისინი ხორბლის გამძლე ჯიშების, კონკრეტული პრეპარატების შერჩევასა და აგროღონისძიებების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებია
