
წლების წინ საქართველოს სათესლე მასალის ბაზარზე ფერმერებისთვის საკმაოდ რთული ვითარება იყო. 2019 წლამდე არ არსებობდა კანონი, რომელიც ჯიშის სიწმინდესა და წარმომავლობას დაიცავდა, რის გამოც ბაზარზე ხშირად ხვდებოდა გაურკვეველი ხარისხის, არასერტიფიცირებული მასალა. ასეთ პირობებში მოსავლის ხარისხის გათვლა შეუძლებელი იყო.
ამ გამოწვევის გადასაჭრელად, კომპანია „აგროსფერომ“, ავსტრიულ პარტნიორ „Saatbau“-სთან ერთად, ჯერ კიდევ 2014 წელს ადგილობრივ პირობებზე მორგებული, მაღალმოსავლიანი და დაავადებებისადმი გამძლე სათესლე ხორბლის წარმოებაზე დაიწყო მუშაობა.
დღეს, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია ჩვენ მიერ შექმნილი საუკეთესო ხორბლის ჯიშები: გალუსი, ამანდუსი, აპექსუსი, აურელიუსი, ბალიტუსი და ამიკუსი. თუმცა, აქვე უნდა ვახსენოთ, რომ მაღალი გენეტიკური პოტენციალი მაქსიმალური მოსავლის მიღების გარანტიას მაინც არ იძლევა. ამიტომ, გადავწყვიტეთ ბლოგში ხორბლის დათესვა და მასთან დაკავირებული აგროტექნიკური ღონისძიებები განვიხილოთ.
წინამორბედი კულტურის შერჩევა
წინამორბედი კულტურა მცენარეა, რომელიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ხორბლის დათესვამდე მოჰყავდათ. ის აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ამცირებს სარეველების, მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მცენარის სწორად შერჩევა, რომელიც ხორბლამდე დაითესება. აუცილებელია ისეთი კულტურის შერჩევა, რომელიც მინდორს ადრე გაათავისუფლებს ანუ მოსავალს ადრიანად მოგცემთ და მეტ დროს დატოვებს ნიადაგის მოსამზადებლად.
აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ პირობებში კარგი წინამორბედებია სამარცვლე პარკოსნები, სასილოსე სიმინდი, მზესუმზირა და მრავალწლიანი ბალახები. სარწყავ მიწებზე ამ სიას ემატება ბოსტნეული, ბაღჩეული და მოკლე ვეგეტაციის სამარცვლე სიმინდი.
დასავლეთ საქართველოში ხორბალს, როგორც წესი, თესავენ სიმინდის, სოიისა და ერთწლიანი საკვები კულტურების შემდეგ. სამცხე-ჯავახეთში კი ხორბლისთვის საუკეთესო წინამორბედად კარტოფილი ითვლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი აღება აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ესწრება.
დასაშვებია ხორბლის ერთსა და იმავე ნაკვეთზე ზედიზედ ორი წლის განმავლობაში დათესვა. თუმცა, როდესაც ეს პრაქტიკა უფრო დიდხანს გრძელდება, რაც ხშირად ხდება აღმოსავლეთ საქართველოს გვალვიან ზონებში, თავს იჩენს რამდენიმე სერიოზული პრობლემა. მაგალითად, ნიადაგის სტრუქტურა უარესდება, საკვები ნივთიერებებისგან იფიტება და მასზე კონკრეტული კულტურისათვის დამახასიათებელი სარეველები, მავნებლები და დაავადებები ვრცელდება.
ნიადაგის დამუშავება
ნიადაგის დამუშავება, ანუ ხვნა, წინამორბედის აღებისთანავე უნდა დაიწყოს. საადრეო კულტურების შემდეგ ნაკვეთი დაახლოებით 25-27 სმ სიღრმეზე უნდა მოიხნას. საგვიანო კულტურების აღება კი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ნიადაგის მომზადება ხორბლის თესვამდე 10-15 დღით ადრე მოესწროს.
ტრადიციული ხვნის გარდა, ფართოდ გამოიყენება ნიადაგის დამუშავების უფრო თანამედროვე მეთოდებიც. ერთ-ერთი ასეთია ნიადაგის ღრმად, 50 სმ-მდე გაფხვიერება სპეციალური მისაბმელი აგრეგატებით. ამ მეთოდის გამოყენებით წლების განმავლობაში ერთსა და იმავე სიღრმეზე ხვნით გამკვრივებული ნიადაგის ფენა ირღვევა. შედეგად, ჰაერისა და წყლის მიმოცვლა უმჯობესდება, რაც მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებისთვის უკეთეს პირობებს ქმნის.
თესვის წინ ხნული, მისი მდგომარეობის შესაბამისად, დამატებით თათებიანი კულტივატორით, მძიმე დისკებიანი ფარცხით ან ფრეზით მუშავდება. ნიადაგი ერთგვაროვანი ხდება, სარეველები ნადგურდება და სინოტივე გროვდება.
ნიადაგის განოყიერება — მცენარის კვება ჯანსაღი ზრდისთვის
ვეგეტაციის პერიოდში ხორბალს დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებები სჭირდება, რომელთა მარაგი ნიადაგში საკმარისად არ არის. ამიტომ, მინერალური სასუქების შეტანა აუცილებელია.
სასუქების შეტანა სამ ძირითად ეტაპად ხდება: ხვნის წინ, თესვის დროს და ვეგეტაციის პერიოდში, გამოკვების სახით.
სასუქის დოზა დაგეგმილ მოსავალსა და ნიადაგის ანალიზის შედეგებზეა დამოკიდებული. მაგალითად, 1 ჰექტრიდან 1 ტონა მარცვლის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 35 კგ აზოტი (N), 15 კგ ფოსფორი (P) და 23 კგ კალიუმი (K) მოქმედი ნივთიერების სახით.
სასუქის ფიზიკურ წონაში გადასაყვანად ამ მარტივი წესით ვხელმძღვანელობთ: მოქმედი ნივთიერების რაოდენობა მრავლდება 100-ზე და იყოფა სასუქში კონკრეტული ელემენტის პროცენტულ შემცველობაზე.
სანამ ხორბლის დათესვა დაიწყება, სასურველია ჩაატაროთ ნიადაგის ანალიზი, რათა ზუსტად განსაზღვროთ მასში საკვები ელემენტების შემცველობა და შეადგინოთ განოყიერების სწორი გეგმა. აღნიშნული სერვისით ,,აგროსფეროში” ისარგებლებთ.
ხორბლის დათესვა
ხორბლის თესვა რამდენიმე მეთოდის გამოყენებით ხდება: ჩვეულებრივი მწკრივად (მწკრივთაშორის 15 სმ), ვიწრომწკრივად (მწკრივთაშორის 7,5 სმ) და ჯვარედინად.
ვიწრომწკრივად და ჯვარედინად თესვისას მცენარეები ნაკვეთზე უფრო თანაბრად ნაწილდება, რაც უკეთეს პირობებს ქმნის მათი ზრდისა და განვითარებისთვის. თუმცა, ამ ორ მეთოდს შორის უმჯობესია ვიწრომწკრივად თესვა, რადგან ჯვარედინი მეთოდის გამოყენებისას მეტი დრო და საწვავი იხარჯება, ნიადაგი კი იტკეპნება.
თესლის რაოდენობა, ანუ თესვის ნორმა, დამოკიდებულია კლიმატურ პირობებსა და ნაკვეთის მდგომარეობაზე. საშუალოდ, ერთ ჰექტარზე დაახლოებით 150-220 კგ თესლი ითესება. მკაცრი ზამთრის პირობებში ან დასარეველიანებულ მინდვრებზე შეიძლება 400 კგ-ზე მეტის გამოყენებაც გახდეს საჭირო.
ხორბლის დათესვა ვადების სრული დაცვით უნდა მოხდეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დადგენილია კალენდარული ვადები:
კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ნაწილი (ახმეტა, თელავი, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, მცხეთა, მარნეული, გარდაბანი): 1 ოქტომბერი – 30 ოქტომბერი.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ნაწილი (საგარეჯო, თეთრიწყარო, თიანეთი, დუშეთი, გორი, ქარელი, ხაშური, კასპი): 20 სექტემბერი – 20 ოქტომბერი.
სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიანი ზონა (წალკა, ახალქალაქი): 20 აგვისტო – 15 სექტემბერი.
იმერეთი (სამტრედია, ხონი, წყალტუბო, ვანი, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა): 20 ოქტომბერი – 15 ნოემბერი.
ხორბლის განვითარების ფაზები
ხორბლის თესლის გაღივება 1−2∘C ტემპერატურაზე იწყება, თუმცა ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 12−15∘C-ია. გაღივებისთვის მარცვალმა უნდა შეიწოვოს წყალი, რომლის რაოდენობაც მისი მშრალი წონის 50-60%-ს მაინც უნდა შეადგენდეს. ამ პირობებში ჩანასახიდან ვითარდება პირველადი ფესვები და ღივი, რომელიც ნიადაგის ზედაპირისკენ მიიწევს.
ბარტყობა მცენარის ვეგეტატიური გამრავლების ფაზაა. ამ პერიოდში მთავარი ღეროს ძირიდან დამატებითი ყლორტები ვითარდება. ბარტყობა ნორმალურად მიმდინარეობს 8−10∘C ტემპერატურაზე, ხოლო 3−4∘C-ზე დაბლა მცენარე ვეგეტაციას წყვეტს. ეტაპი, რომელიც 30-35 დღე გრძელდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ყალიბდება ღეროების რაოდენობა, რაც მოსავლის რაოდენობასგანსაზღვრავს.
აღერება-დამუხლებისას ღერო სიმაღლეში ინტენსიურად იზრდება, რაც მუხლთშორისების დაგრძელება იწვევს. ამ ფაზის ბოლოს თავთავი უკვე სრულად ფორმირებულია. ღეროსა და ფოთლების ზრდასთან ერთად იზრდება ფესვთა სისტემაც.
დათავთავება კი მაშინ იწყება, როდესაც თავთავი ზედა ფოთლის უბიდან გამოდის. ეს პროცესი, როგორც წესი, მაისში დგება და 5-6 დღეში მთელი ნაკვეთი თავთავდება. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ნიადაგში საჭირო რაოდენობის წყალი იყოს კონცენტრირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში თავთავში მარცვლები სუტად განვითარდება.
დათავთავების დასრულებისთანავე, 3-5 დღის განმავლობაში, ხორბალი ყვავილობს. ამ პროცესისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 25−30∘C-ია, თუმცა ყვავილობა 6−7∘C-ზეც შესაძლებელია.
განაყოფიერების შემდეგ იწყება მარცვლის ფორმირება და მომწიფება, რომელიც ოთხ პერიოდს მოიცავს:
წყლისებრი სიმწიფე: განაყოფიერების შემდეგ იწყება პლასტიკური ნივთიერების დაგროვება ჩასახულ თესლში;
რძისებრი სიმწიფე: მცენარე ჯერ კიდევ მწვანეა, მარცვალი ჩამოყალიბებულია, მაგრამ რბილია და თეთრი, რძისმაგვარი სითხითაა სავსე;
ცვილისებრი სიმწიფე: მცენარე ყვითლდება, თავთავი კი ხმება. მარცვალი ცვილის კონსისტენციისაა და ფრჩხილით ადვილად იჭრება;
სრული სიმწიფე: მცენარე ბოლომდე გამხმარი, მარცვალი კი მაგარი და მტვრევადია.
ხორბლის მორწყვა
ხარისხიანი მოსავლისთვის ხორბალს ბუნებრივ ნალექთან ერთად მორწყვაც სჭირდება, განსაკუთრებით განვითარების კრიტიკულ ფაზებში: გაღივების, ბარტყობისა და დათავთავების პერიოდში. მორწყვის დაწყების ოპტიმალურ დროდ ითვლება პერიოდი, როდესაც ნიადაგის ტენიანობა ზღვრული ნორმის 70-80%-ზე დაბლა ეცემა. ამ დროს წყლის მარაგი უნდა შეივსოს, რათა მცენარემ დეფიციტი არ განიცადოს.
ტრადიციულად გამოიყენება მოღვარვით მორწყვა, რა დროსაც წყალი ნაკვეთის ზედაპირზე ერთიან ფენად ნაწილდება და ნიადაგში ვერტიკალურად იჟონება. უფრო თანამედროვე და წყლის ხარჯვის თვალსაზრისით ეკონომიურია დაწვიმებით მორწყვა, რომელიც ნათესში წყლის ჩადგომის რისკსაც ამცირებს. შედარებისთვის, მოღვარვისას 1 ჰექტარზე 600-800 მ³ წყალი იხარჯება, დაწვიმებისას კი — 450-500 მ³.
სავეგეტაციო პერიოდში რეკომენდებულია ნათესის სამჯერ მორწყვა:
თესვის შემდგომი: სექტემბერ-ოქტომბერში, აღმოცენების სტიმულირებისთვის.
პირველი სავეგეტაციო: აპრილ-მაისში, აღერების ფაზაში.
მეორე სავეგეტაციო: ივნისში, დათავთავების პერიოდში (საადრეო ჯიშების შემთხვევაში, რომელთა მოსავლის აღება ივნისში იწყება, ეს მორწყვა ვეღარ ესწრება).
ბრძოლა სარეველებთან
სარეველები ხორბლის ნათესს წყლის, საკვები ნივთიერებებისა და სინათლისთვის ეცილებიან, რაც უარყოფითად აისახება მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე. მათთან საბრძოლველად ქიმიურ საშუალებებს, ჰერბიციდებს, იყენებენ.
სარეველების წინააღმდეგ, მათი ტიპების მიხედვით, სხვადასხვა პრეპარატები გამოიყენება. მაგალითად, ,,აგროსფერო”გთავაზობთ გროდილ მაქსს. ეს ჰერბიციდი ბრტყელფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ მოქმედებს. ზეთოვან- დისპერსიულ ფორმულაციის წყალობით ის კარგად ეწებება სარეველას ფოთლებს და ანადგურებს მას. აღნიშნული ჰერბიციდის გამოყენებისას უნდა მიჰყვეთ შემდეგ წესებს:

პუმა სუპერი ძალიან ეფექტურად ზემოქმედებს ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველების — საგველა ჩვეულებრივი, შვრიუკა, მელაკუდა, ფეტვი, შალაფა, ძურწა — წინააღმდეგ. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ხორბლის, ქერის, ჭვავის და ტრიტიკალეს ნათესებზე.

მავნებლები და დაავადებები
ხორბლის ნათესს საფრთხეს უქმნის როგორც მავნებელი მწერები, ისე სოკოვანი დაავადებები. მათთან დროული ბრძოლა მოსავლის დანაკარგის თავიდან არიდების საწინდარია.
გავრცელებული მავნებლებიდან (ბუგრი, ჭიჭინობელა, თრიფსი, რწყილი) ნათესის დასაცავად, მათი გამოჩენისთანავე, უნდა მოხდეს ინსექტიციდით შესხურება. ამისთვის ეფექტურად გამოიყენება პრეპარატი დეცის ექსპერტი. ის კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდია , რომელიც მდგრადია ჩამორეცხვის მიმართ. ხორბალში მავნებლების წინააღმდეგ მისი გამოყენების რეკომენდებული ნორმა კონკრეტული მავნებლის მიხედვით განისაზღვრება:
0.8 ლ/ჰა.: პურის ბზუალა, ვარდ-მარცვლოვანთა ბუგრი, მდელოს ჩრჩილი;
0.6 ლ/ჰა.: მენაღმე ბუზები, მეგალესებრნი, ჭიჭინობელები.
სოკოვანი დაავადებებისგან, განსაკუთრებით კი ჟანგასგან, ნათესის დასაცავად, ფუნგიციდებით დამუშავება აღერების ბოლოს, დათავთავების დაწყებამდე ტარდება. ამ დავადების წინააღმდეგ გამოიყენება პრეპარატი ფალკონი. მისი გამოყენების ნორმა შეადგენს 0.6 ლიტრს ერთ ჰექტარზე, რომელიც 200-300 ლიტრ წყალში უნდა გაიხსნას. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ მოსავლის აღებამდე დაცული იყოს 40 დღიანი ლოდინის პერიოდი.
ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციისათვის წაიკითხეთ ჩვენ მიერ მომზადებული ბლოგი ხორბლის დაავადებებისა და მავნებლების შესახებ.
ხორბლის მოსავლის აღება
მოსავლის დროულად და სწორად აღება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოსამზადებელი სამუშაოები, ხობლის დათესვა და შემდგომი მოვლა. დაგვიანება მარცვლის ცვენას იწვევს და ამ მიზეზის გამო დანაკარგმა, ზოგიერთი ჯიშის შემთხვევაში, შესაძლოა 30-35%-საც მიაღწიოს.
ხორბლის აღება იწყება მარცვლის ცვილისებრი (სანთლისებური) სიმწიფის ბოლო პერიოდში. ამ დროს მარცვლის ტენიანობა 14% უნდა შეადგენდეს და 16-17%-ს არ აღემატებოდეს. თუ მარცვალი უფრო ნოტიო იქნება, კომბაინით მისი გამოლეწვა გართულდება და დანაკარგი გაიზრდება. მოსავლის აღება სრული სიმწიფის დადგომიდან 5-8 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს, რათა თავიდან აიცილოთ თავთავის მტვრევა და მარცვლის ხარისხის გაუარესება.
აღების შემდეგ მარცვალი დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს მინარევებისგან. შემდეგ გამოლეწილ მარცვალს გადაიტანთ კალოზე, სადაც მოსავალი საბოლოოდ გაშრება.
შენახვისთვის დასაშვები ტენიანობა 14%-ია. მარცვლის ამ კონდიციამდე გაშრობა აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ მისი გაფუჭება და ხანგრძლივად შეინარჩუნოთ ხარისხი.
უხვი და ხარისხიანი ხორბლის მოსავალი თანმიმდევრული და სწორად შესრულენული აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების შედეგად მიიღება, ამიტომ მიჰყევით ბლოგში გაზიარებულ რჩევებს და:
შეარჩიეთ წინამორბედი კულტურა, რომელიც ნიადაგს დროულად გაასუფთავებს და ხორბლისათვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის;
მოამზადეთ ნიადაგი. ხარისხიანი ხვნა და თესვისწინა დამუშავება მცენარის ფესვთა სისტემის ჯანსაღ განვითარებას უწყობს ხელს;
ნიადაგში სასუქების დროულად და სწორი დოზით შეიტანეთ;.
ხორბლის დათესვა ვადების დაცვით წარმართეთ;
სარეველების, მავნებლებისა და დაავადებების ნიშნების გამოვნელისთანავე დაიწყეთ მათ წინააღმდეგ ბრძოლა;
მოსავალი დროულად აიღეთ და შენახვამდე კარგად გააშრეთ;
დეტალური ინფორმაციისა და პერსონალიზირებული რჩევების მისაღებად, პრეპარატებისა და ხორბლის საუკეთესო ჯიშების შესარჩევად "აგროსფეროს" კონსულტანტებს მიმართეთ.
