აზიური ფაროსანა ყველაფერი, რაც მავნებლის შესახებ უნდა იცოდეთ

აგროსფერო
ფაროსანები თხილზე

აზიური ფაროსანა – ყველაფერი, რაც მავნებლის შესახებ უნდა იცოდეთ

აზიური ფაროსანა, იგივე აზიური ბაღლინჯო მავნებელი მწერია, რომელიც საკვებად მცენარეებს იყენებს. მის სამშობლოდ აღმოსავლეთ აზია მიიჩნევა. განსაკუთრებით გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში, ვიეტნამსა და ტაივანში. ფაროსანა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში 1990-იან წლების ბოლოს დაფიქსირდა და ეტაპობრივად მრავალი ქვეყანა მოიცვა, მათ შორის ევროპისა და კანადის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. შესაბამისად, მწერი სასოფლო-სამეურნეო სფეროსათვის ძალიან დიდი საფრთხე გახდა. 

აზიური ფაროსანას ამოცნობა

ამ მავნებლის ამოცნობა მეტად მარტივია. 13-17 მმ-ის სიგრძის მარმარილოსებრი იერის მქონე მწერი, ვიზუალური თვალსაზრისით, მუქი ყავისფერი შეფერილობისაა. მისი სხეულის ნაწილები განსხვავებული ტონებითაა წარმოდგენილი, მაგალითად, ფაროსანას ფეხები და საცეცები მუქ და ღია ზოლებად იყოფა, გულის მხარეს კი ორ რიგად განლაგებული ოთხი კრემისფერი წერტილი აქვს.


 გარდა ამისა, ამოსაცნობად კარგი ინდიკატორია არასასიამოვნო სუნი. იგულისხმება, რომ საფრთხის მოახლოების ან განადგურებისას ფაროსანა ტოქსიკურ სუნს უშვებს, რომლებიც გულ-მკერდის ქვედა მხარეს განლაგებული სპეციალური ჯირკვლებიდან გამოიყოფა. 

აზიური ფაროსანას როლი სოფლის მეურნეობაში

ფაროსანები თხილზე

სოფლის მეურნეობა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, იქნება ეს კლიმატური ცვლილებები, ნიადაგთან დაკავშირებული პრობლემები თუ მცენარეულ კულტურებზე სხვადასხვა მავნებლის ზემოქმედება. 


ჩამოთვლილთა შორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უკანასკნელ წლებში სწორედ აზიური ფაროსანა გვევლინება. ფაროსანას უარყოფითი ზემოქმედება სოფლის მეურნეობაზე მრავალფეროვანია. აქამდე უხვი მოსავლის მისაღებად მხოლოდ სასუქიიყო საჭირო, თუმცა დროთა განმავლობაში ფაროსანას განადგურებაც მნიშვნელოვანი საზრუნავი გახდა. 


ის პოლიფაგური მავნებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ საკვებად მცენარეების ფართო სპექტრს  იყენებს – ხილს, ბოსტნეულს, დეკორატიულ მცენარეებსა და ა.შ. როგორც  წესი, მწერი ყველაზე მეტად ვაშლს, ატამს, მსხალს, ქლიავს, თუთას, ლეღვს, სხვადასხვა ციტრუსსა და კენკრას, პომიდორს, ლობიოს, კიტრს, სიმინდს, ყურძენს, თხილსა და მზესუმზირას ეტანება. დაზიანების თვალსაზრისით, აზიური ფაროსანა არღვევს მცენარის ქსოვილს, რაც შემდგომ ნაყოფის დეფორმაციას, მოსავლიანობის შემცირებას ან კონკრეტული მცენარის გახმობასა და სიკვდილს იწვევს. 


სოფლის მეურნეობისათვის მიყენებულ ზარალს გლობალურ კონტექსტში თუ განვიხილავთ, მაგალითად, 1996 წლიდან 2014 წლამდე ფაროსანამ აშშ-ს 34 შტატი მოიცვა და დიდი პრობლემები გამოიწვია.  2010 წელს აზიურმა მწერმა მხოლოდ შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სექტორს, კერძოდ, ვაშლის ინდუსტრიას 37 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. საერთო დანაკარგი კი 21 მილიარდ დოლარს შეადგენდა.


ფაროსანა საქართველოში

აზიური ფაროსანას ამოცნობა

საქართველოს ტერიტორიაზე პირველი აზიური ფაროსანას არსებობა 2015 წელს დაფიქსირდა. გავრცელების არეალს თავდაპირველად აფხაზეთის ტერიტორია მოიცავდა, შემდგომ კი – დასავლეთ საქართველო. შედეგად, მწერმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სხვადასხვა სახის მცენარეულ კულტურას, მაგალითად, ვაშლს, მსხალს, ლიმონს, მანდარინს, ფორთოხალს, ატამს, ფეიხოას, ლეღვს, ხურმას, ყურძენსა და თხილს. 


აზიურმა ფაროსანამ განსაკუთრებით ის ფერმერები დააზარალა, რომელთაც თხილის მეურნეობები ჰქონდათ გაშენებული. მწერი თხილს ნაყოფის ფორმირების ფაზიდანვე აზიანებს. პროცესს კი მეტად ამარტივებს ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში მისი ნაჭუჭი ჯერ კიდევ რბილია. ფაროსანა ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ნაჭუჭს ხვრეტს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს მას და წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. შედეგად, თხილის გული ვერ ვითარდება და ცარიელი რჩება.


აზიური ფაროსანას ბიოლოგია და სასიცოცხლო ციკლი

აზიური ფაროსანას ამოცნობა

ზამთრის დადგომასა და ამინდის გაუარესებასთან ერთად, მწერების უმრავლესობის მსგავსად, აზიური ფაროსანაც დახურულ სივრცეებში იდებს ბინას. გაზაფხულზე, დაახლოებით აპრილ-მაისში მწერი ზამთრის ძილიდან გამოდის და ბუნების პირობებში კვერცხების დადებას იწყებს. როგორც წესი, ამ მავნებლის კვერცხები ფოთლების ქვედა მხარეს გვხვდება და ერთ მთლიან გროვას ქმნის. 


კვერცხებს – მომწვანო-მოთეთრო, გამოჩეკის წინ კი მოოქროსფრო ფერი აქვს. აღსანიშნავია, რომ გამოჩეკის შემდეგ მცირე ზომის ნიმფები იმ მცენარის ნაწილებით კვებას იწყებენ, რომელზეც არიან განთავსებული. 4-5 კვირის შემდეგ კი მცენარე იმდენად დაზიანებულია, რომ ფაქტობრივად, უნაყოფოდ რჩება. 

როგორ გავანადგუროთ აზიური ფაროსანა

როგორც აღინიშნა, აზიური ფაროსანა სოფლის მეურნეობასა და მის მოსავლიანობას დიდ ზიანს აყენებს. მასთან ბრძოლისათვის კი კომპლექსური მიდგომაა საჭირო – მავნებლების მექანიკურ განადგურებასთან ერთად, აუცილებელია, პროცესში პესტიციდები გამოიყენოთ

სახლებსა და შენობებში

მავნებლის სასიცოცხლო ციკლიდან გამომდინარე, ის ზამთარს დახურულ ადგილებში ანუ სახლებსა და სხვადასხვა ტიპის შენობებში ატარებს. საცხოვრებელ სივრცეებში მწერის გასანადგურებლად ქიმიური საშუალებების გამოყენება სასურველი არ არის, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. 


შესაბამისად, რეკომენდებულია, რომ ფაროსანას მექანიკური ხერხებით ვებრძოლოთ. მაგალითად, სახლის მახლობლად მუყაოს ყუთისგან შექმენით საცხოვრებლის მცირე იმიტაცია, მასში მჭიდროდ განათავსეთ კვერცხის ჩასაწყობი ფირფიტები და შენობასთან ახლოს დადგით. აღნიშნული კონსტრუქცია იზიდავს ფაროსანებს, თქვენ კი მექანიკური განადგურების შესაძლებლობას გაძლევთ. 


გარდა ამისა, შეგიძლიათ მეორე მეთოდსაც მიმართოთ – ანთებული სანათის ქვეშ დადგით საპნიანი წყლით სავსე და ფოლგით დაფარული მცირე ზომის ჯამი. როგორც წესი, ფაროსანები განათებულ ადგილებს ეტანებიან. ამ შემთხვევაში კი შუქთან მისული მავნებელი წყალში ჩავარდება და განადგურდება. 


გახსოვდეთ, რომ ზამთრის სეზონი მწერთან ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ერთი ფაროსანას განადგურებაც კი დაახლოებით 200 ახალი მწერის თავიდან აცილებას ნიშნავს.


მცენარის დაცვა

როგორ გავანადგუროთ აზიური ფაროსანა

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ფაროსანები ეტაპობრივად ტოვებენ საცხოვრებელ სივრცეებს და ბაღებში გამოდიან. სწორედ ამ დროს იწყება მცენარის დაზიანების პროცესი. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით იყოთ მცენარეულ კულტურებთან და ფოთლის ქვედა ნაწილზე კვერცხების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაანადგუროთ ისინი. 


აზიური ფაროსანასაგან მცენარეების დაცვისათვის უფრო მასშტაბური საკარანტინო ღონისძიებებიც გამოიყენება. აქ ქვეყნის სრული ტერიტორიის ან რომელიმე მოწყვლადი რეგიონის ლოკალიზაცია და აღმოჩენილი მავნებლების მასიური განადგურება, ზოგიერთ შემთხვევაში კი, პრევენციული ხასიათის ღონისძიებების ჩატარება იგულისხმება. 


პრაქტიკაში მიღებულია მავნებლებთან ე.წ. ფერომონებით ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდიც, რაც მავნებლების წინააღმდეგ  სხვადასხვა სახის სასარგებლო მწერების –  აკარიფაგების, ენტომოფაგების, ენტომო-პათოგენუტი მიკროორგანიზმების – გამოყენებას გულისხმობს. მეთოდი ამ მწერების დახმარებით ფაროსანას მიზიდვას და შემდგომ დამჭერით განადგურებას გულისხმობს. 


განადგურების ბიოლოგიური მეთოდის გარდა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას აქტიურად გამოიყენება  სპეციალური ქიმიური საშუალებები,  ე.წ. ინსექტიციდები

საუკეთესო შედეგებს აჩვენებს გერმანული კომპანია BAYER-ის პრეპარატი „დეცის ექსპერტი“.


წამლობის დროდ პირობითად შესაძლოა განისაზღვროს მაისი და მისი შემდგომი პერიოდი. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ ბაღების ინტენსიური კონტროლი და მწერის გამოჩენისთანავე მცენარე ეფექტური ქიმიური პრეპარატებით შეწამლოთ.


შერჩეული ქიმიური პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მასზე დატანილი წესებისა და რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველი შედეგი არ დადგება. 


გირჩევთ, რომ პესტიციდების თვითნებური შეძენისაგან თავი შეიკავოთ და მიმართოთ სპეციალიზებულ სასოფლო სამეურნეო მაღაზია „აგროსფეროს“.  

აზიურ ფაროსანაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს და გაეცანით სიღრმისულ PDF ფაილს.

აგროსფერო