თანამედროვე ფერმერი - ილია მიშჩენკო

აგროსფერო

„ფერმერობაში მომწონს ის, რომ პროცესი ძალიან მგრძნობიარეა“ – როგორ მოჰყავს ილია მიშენკოს საუკეთესო ვაშლი

თანამედროვე ფერმერმა, ეროვნებით უკრაინელმა ილია მიშენკომ მამასთან ერთად ვაშლის ბაღების გაშენება 10 წლის წინ დაიწყო. იდეა მამას გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც ბელგიაში მსგავსი ბაღები ნახა. იდეის განხორციელების ადგილად კი საქართველო აირჩიეს. 

„ფერმერობაში მომწონს ის, რომ პროცესი ძალიან მგრძნობიარეა. ეს არ ჰგავს საწარმოში მუშაობას, არც საქმიანობას 9-დან 6 საათამდე. ეს არის საქმე, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით“, – აღნიშნავს ილია მიშენკო. 

ილიამ და მისმა მამამ ბაღების გაშენება 5 ჰექტარ მიწაზე დაიწყეს, წლიდან წლამდე მეურნეობა გაზარდეს და დღეს ვაშლი 33 ჰექტარ ტერიტორიაზე მოჰყავთ. მათ ბაღებში შვიდამდე ჯიშის ვაშლი ხარობს, მათ შორის, გალა, გოლდენი, ფუჯი და უკრაინული სიმირენკო. ილია ყოველ წელს დაახლოებით 300 ტონა მოსავალს იღებს. წლევანდელი შემოდგომა კი უფრო უხვი გამოდგა. როგორც ფერმერი ამბობს, ვაშლი ზომაშიც უფრო დიდია და ხარისხითაც უკეთესი. 


ილია მიშენკო თავისი წარმატების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს. პირველი, აგროტექნიკაა, რომელიც მას სამუშაოების სწრაფად შესრულებასა და აგროვადების დაცვაში ეხმარება. მის მეურნეობაში განსაკუთრებით დიდ როლს ტრაქტორები და შემასხურებლები თამაშობს. „თუკი წამლობას სამი ან ზოგჯერ ერთი დღით მაინც დააგვიანებ, დაზარალდები. მისი შედეგები კი ერთი თვის ან თვენახევრის შემდეგ იქნება შესამჩნევი. ამიტომ სწრაფად მოქმედება აუცილებელია“, – აღნიშნავს ილია. 

ფერმერი მისი მეურნეობის წარმატების მიზეზად ასახელებს ხარისხიან სასუქებსა და პესტიციდებსაც. მისი დაკვირვებით, უხარისხო მცენარეთა დაცვის საშუალებებს პირველი ორ წლის განმავლობაში გარკვეული შედეგი მაინც მოაქვს, თუმცა მოგვიანებით ისეთი პრობლემები იჩენს თავს, რომელთა გამოსწორებაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. 

ბოლოს კი ილია მეურნეობაში კოლექტივის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „პირველ რიგში, აქ ადამიანები მუშაობენ, რომელთა შრომასაც ეყრდნობა ჩვენი წარმატება“, – აღნიშნავს ის. 

აგროსფერო