
ჰერბიციდების გამოყენებამ ფუნდამენტურად შეცვალა სარეველა მცენარეებთან ბრძოლის მიდგომები, რადგან ისინი მავნებლების სელექციური კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.
ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ჰერბიციდების მოქმედების მექანიზმებსა და პრაქტიკაში მათი გამოყენების თავისებურებებს.
ჰერბიციდების როლი მცენარის მოვლისას
ამ მიგნებამდე ფერმერები სარეველებთან საბრძოლველად მხოლოდ მექანიკურ მეთოდებს იყენებდნენ, მაგალითად, ხელით მარგლავდნენ ნათესებს ან კულტივაციას მიმართავდნენ. ეს მეთოდები შრომატევადი და ნაკლებად ეფექტური იყო, განსაკუთრებით დიდ მეურნეობებში.
სირთულის მიუხედავად, ამ სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იყო, რადგან სარეველები მეურნეობას დიდ პრობლემებს უქმნის. ამოზრდილი მავნებელი მცენარეს წყალს, საკვებ ნივთიერებებსა და მზის სინათლეს ართმევს. ეს კი კულტურების განვითარებას აფერხებს და საბოლოოდ მოსავლიანობას ამცირებს.
სარეველებთან საბრძოლველად სპეციალური ქიმიური საშუალებები მე-19 საუკუნეში შეიქმნა. დღეს პესტიციდების ეს სახეობა ჰერბიციდის სახელითაა ცნობილი.
ცხადია, უწინ ფერმერებს ხელი არ მიუწვდებოდათ ისეთ ფართო არჩევანზე, როგორიც თანამედროვე ბაზარზეა წარმოდგენილი. თავდაპირველად გამოიყენებოდა მარტივი საშუალებები, მაგალითად, ზღვის მარილი და სამრეწველო ნარჩენები.
ჰერბიციდების მნიშვნელოვანი განვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში დაიწყო, როდესაც მეცნიერებმა ახალი, უფრო ეფექტური საშუალებები შექმნეს. 1945 წელს პირველი თანამედროვე პრეპარატები – 2,4-D და 2,4,5-T – გამოჩნდა, რომლებმაც რევოლუციური ცვლილებები მოიტანა ჰერბიციდების წარმოებაში. .
დღეს ბაზარზე ჰერბიციდების დიდი არჩევანია. მათ შორისაა ინოვაციური მახასიათებლების მქონე პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად უმარტივებს ფერმერებს ჯანსაღი მოსავლის მიღებას. სწორედ ასეთი საშუალებებია წარმოდგენილი „აგროსფეროში“. ახალი თაობის ჰერბიციდების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მცირე დოზების გამოყენების შემთხვევაშიც ეფექტურია. თუ ადრე ჰექტარზე რამდენიმე ტონა ქიმიური ნივთიერების შეტანა იყო საჭირო, ახალი პრეპარატები 1-2 კილოგრამის გამოყენებით იძლევა შედეგს.
ჰერბიციდების ტიპები და გამოყენების მეთოდები
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ჰერბიციდების რამდენიმე ძირითად ტიპს განარჩევენ. მათი კლასიფიკაცია მოქმედების პრინციპის, გამოყენების დროისა და სპეციფიკურობის მიხედვით ხდება.
სელექციური და არასელექციური ჰერბიციდები
სელექციური ჰერბიციდები, მაგალითად, ზენკორ ლიქვიდი, კონკრეტული სახეობის სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება. ისინი არ აზიანებს მცენარეებს და ეფექტურად ანადგურებს მხოლოდ სარეველებს.
ისეთი არასელექციური ჰერბიციდები კი, როგორიც ბეკანოა ყველა მცენარეზე მოქმედებს და იმ ნაკვეთებში გამოიყენება, სადაც მცენარეული საფარისგან მთლიანი ტერიტორიის გაწმენდაა საჭირო.
გამოყენების დროის მიხედვით გამოყოფენ:
დათესვამდე გამოსაყენებელ ჰერბიციდებს;
აღმოცენებამდე გამოსაყენებელ ჰერბიციდებს;
აღმოცენების შემდგომ გამოსაყენებელ ჰერბიციდებს.
სისტემური და კონტაქტური ჰერბიციდები
მოქმედების მექანიზმის მიხედვით არსებობს სისტემური და კონტაქტური. სისტემური საშუალებები, მაგალითად, რაუნდაპი მაქსი სარეველას მიერ შეიწოვება, მთელ მცენარეში ვრცელდება და მის სასიცოცხლო სისტემებს აზიანებს. ეს ტიპი განსაკუთრებით ეფექტურია მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ, რადგან ის ფესვთა სისტემაზეც მოქმედებს.
კონტაქტური ჰერბიციდები სარეველას მხოლოდ იმ ნაწილებზე ახდენს გავლენას, რომლებზეც მოხვდება.შესხურების შემდეგ ნივთიერება სწრაფად აზიანებს მცენარის ქსოვილებს, მაგრამ არ გადაადგილდება მთელ სისტემაში.
შეტანის მეთოდების მიხედვით ჰერბიციდები გამოიყენება:
ფოთლებზე შესხურებით;
ნიადაგში შეტანით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰერბიციდების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორად შერჩევასა და გამოყენების მეთოდებზე, ამიტომ მიჰყევით მწარმოებლის რეკომენდაციებს.
ჰერბიციდების გამოყენების წესები და მეთოდები
ჰერბიციდების მაქსიმალური ეფექტურობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია შესხურების ან ნიადაგში შეტანის ტექნიკის სრული დაცვა. მაგალითად, კონტაქტური ჰერბიციდის შემთხვევაში, აუცილებელია ავზში თავდაპირველად მითითებული რაოდენობის წყალი ჩაასხათ და გამზადებული ხსნარი მასში შემდეგ ჩაამატოთ.
შესხურების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარემო პირობებზე. ოპტიმალურ პერიოდს წარმოადგენს სარეველების განვითარების ადრეული სტადია და ზრდის აქტიური ფაზა, რადგან ამ დროს მცენარეები ინტენსიურად ითვისებს პრეპარატს. მრავალწლიანი სარეველების შემთხვევაში მათი დამუშავება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ისინი სიმაღლეში 5-10 სანტიმეტრს მიაღწევს.
რამდენი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ? ეს დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე, სარეველების სიმრავლესა და ზრდის სტადიაზე, ამასთანავე, კონკრეტულ ჰერბიციდზე. . მაგალითად, რაუნდაპი მაქსის რაოდენობის განსაზღვირისას, აუცილებელია, რამდენიმე ფაქტორი გავითვალისწინოთ, მათ შორის რომელი კულტურისთვის, რა ტიპის სარეველებთან საბრძოლველად ან რა დანიშნულების ნაკვეთში ვიყენებთ მას.
ჰერბიციდების გამოყენებისას მნიშვნელოვანია უყურადღებოდ არ დატოვოთ რეზისტენტობის განვითარების საკითხი. პრეპარატის მიმართ სარეველების მდგრადობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია განსხვავებული მოქმედების პრეპარატების გამოყენება სეზონების მიხედვით. ასევე მნიშვნელოვანია დოზირების ზუსტი დაცვა და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა, რაც აგროტექნიკური და ქიმიური მეთოდების კომბინირებას გულისხმობს.
უსაფრთხოების წესები, რომლებიც ჰერბიციდების გამოყენებისას უნდა დაიცვათ
ჰერბიციდებთან მუშაობა უსაფრთხოების სპეციფიკური ნორმების მკაცრ დაცვას საჭიროებს. პრეპარატის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს მცენარე და, ამასთანავე, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე.
ჰერბიციდების შეტანა უნდა მოხდეს მშრალ და უქარო ამინდში. ქარიან ამინდში პრეპარატი გაიფანტება და მომიჯნავე კულტურებსაც დააზიანებს. ოპტიმალური დროა დილის ან საღამოს საათები, როცა ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება 25 გრადუსს.
შესხურების შემდეგ არ არის რეკომენდებული ნიადაგის დამუშავება მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ პრეპარატმა სრულად შეაღწიოს სარეველა მცენარეში და გამოავლინოს სრული ეფექტურობა. ნაადრევმა კულტივაციამ შეიძლება ჰერბიციდის მოქმედება შეასუსტოს.
შესხურების პროცესში აუცილებელია სპეციალური დამცავი ტანსაცმლის, ხელთათმანების, სათვალისა და რესპირატორის გამოყენება. სამუშაოს დასრულების შემდეგ საჭიროა ტანსაცმლის გამოცვლა და პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.
ჰერბიციდების შესახებ დამატებითი დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „აგროსფეროს“ ონლაინ მაღაზიას ან გვეწვიეთ ფილიალებში, სადაც პროფესიონალთა გუნდი მცენარეთა დაცვის საშუალებების ფართო არჩევანს გაგაცნობთ და ეფექტური პრეპარატის შერჩევაში დაგეხმარებათ.
ჰერბიციდების სწორი გამოყენებით სარეველებთან ბრძოლა აღარ წარმოადგენს დიდ გამოწვევას.