
„აგროსფერო“ უკვე მე-4 წელია, აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს და საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება კომპანიის ბაზებზე. აღნიშნული პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
„აგროსფერომ“ წელს სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ შორის ერთ-ერთი აგრონომიის პროგრამის სტუდენტი მარი ჭაღიაშვილია.
მარი, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ სტიპენდია და, ზოგადად, სტუდენტების ხელშემწყობი მსგავსი პროგრამები?
კარიერული განვითარების გზაზე ფინანსური მხარე არ უნდა იყოს სტუდენტის მთავარი საზრუნავი. სტიპენდია გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი რესურსები ჩავდოთ აკადემიურ წინსვლასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.
გარდა სტიპენდიისა, „აგროსფერო“ საშუალებას გვაძლევს გავიაროთ სტაჟირება კომპანიის ბაზებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა სტუდენტისთვის. ვფიქრობ, პრაქტიკული გამოცდილების მიღება ნებისმიერი მიმართულებით იქნება შედეგიანი, თუმცა ჩემთვის ახლა განსაკუთრებით საინტერესოა ბაზების მენეჯმენტი.
როდის და რატომ დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?
ბავშვობიდან მქონდა შეხება პატარა საოჯახო მეურნეობასთან და გარკვეულწილად ამ დარგთან ყოველთვის ვიყავი დაკავშირებული. თუმცა გადაწყვეტილება, რომ ამ სექტორში დამეწყო საქმიანობა, უფრო გვიან, აბიტურიენტობის პერიოდში მივიღე. ამ დროს უკვე კარგად მესმოდა ამ დარგის პოტენციალი და ნათლად ვხედავდი, როგორ შევძლებდი ჩემი ცოდნისა და ინტერესის მაქსიმალურად გამოყენებას ამ მიმართულებაში.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ ვაპირებ სწავლა ევროპაში გავაგრძელო. ევროპული უნივერსიტეტების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თეორია და პრაქტიკა ერთმანეთთან არის ინტეგრირებული. მინდა, თანამედროვე ტექნოლოგიები, მდგრადი განვითარების პრინციპები და სოფლის მეურნეობის მენეჯმენტი ამ ფორმით უკეთ შევისწავლო. ვფიქრობ, ადგილობრივ მეურნეობას სწორედ ეს გამოცდილება გამოადგება ყველაზე მეტად.
რას მიიჩნევთ აგრომეურნეობის მთავარ გამოწვევად დღეს საქართველოში? როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო მათ დასაძლევად?
სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა პრობლემა საბოლოოდ განათლების ნაკლებობამდე მიდის. ფერმერებს არ აქვთ ინფორმაცია თანამედროვე აგროტექნოლოგიების შესახებ, არ იციან აგროღონისძიებების სწორად მართვა მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს, მოსავლიანობის მართვის პრინციპებს და ა.შ. სწორედ ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ საქართველოში არსებული ხელსაყრელი პირობების მიუხედავად, მოსავლიანობა და მოსავლის ხარისხი დაბალია.
პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია აგრონომებსა და ფერმერებს შორის ინფორმაციული კავშირის გაძლიერება, თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე ტრენინგების ჩატარება და ციფრული პლატფორმების დანერგვა, სადაც ფერმერები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს.
