„დიდი გამოწვევაა იყო ქალი მევენახე-მეღვინე, ამით გარკვეულწილად სტერეოტიპების დამსხვრევასაც ვცდილობ“

აგროსფერო
20.11.25 02:58 PM - Comment(s)

„აგროსფერო“ უკვე მე-4 წელია, აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს და საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება კომპანიის ბაზებზე. აღნიშნული პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

„აგროსფერომ“ წელს სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ შორის ერთ-ერთი მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტი ლალი მწყერაშვილია.

ლალი, როგორ გაიგეთ „აგროსფეროს“ სტიპენდიის შესახებ?

 „აგროსფეროს“ სტიპენდიის შესახებ პირველივე კურსზე გავიგე სოციალური ქსელებიდან. ვიცოდი, რომ მისი მიღების ერთ-ერთი პირობა მაღალი GPA იყო, ამიტომ მას შემდეგ ვცდილობ აკადემიური მოსწრების მაღალ დონეზე შენარჩუნებას. ვფიქრობ, ამან გაამართლა, რადგან პირველივე მცდელობაზე შევძელი სტიპენდიის მოპოვება.

რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ სტიპენდია და, ზოგადად, სტუდენტების ხელშემწყობი მსგავსი პროგრამები?

პირადი გამოცდილებით გეუბნებით, რომ მსგავსი პროგრამები და კონკრეტულად კომპანია „აგროსფეროს“ სტიპენდია სტუდენტისთვის უდიდესი სტიმულია. როდესაც მაქსიმალურად ცდილობ, შრომობ, სწავლობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიისკენ ისწრაფვი და ეს გიფასდება, სტუდენტისთვის დიდი ნუგეშია. ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ შენმა შრომამ გარკვეულწილად შედეგი გამოიღო და ვიღაცის რჩეული, ვიღაცის სტიპენდიატი გახდი.

როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგითრატომ აირჩიეთ მევენახეობა-მეღვინეობა?

ბავშვობიდანვე ყოველთვის მიზიდავდა ბუნებასთან სიახლოვე და ფიზიკური, პრაქტიკული საქმიანობა. ამიტომ არავისთვის იყო გასაკვირი, რომ საბოლოოდ სოფლის მეურნეობის სფეროში ამოვყავი თავი. ეს დარგი ზუსტად შეესაბამება ჩემს ხასიათს და ინტერესებს.

მევენახეობა-მეღვინეობა კი განსაკუთრებით ახლოსაა ჩემთან, რადგან იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელიც მსოფლიომ ღვინის სამშობლოდ ქართველებისთვის ღვინო და ვაზი იდენტობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამასთან ერთად, დიდი გამოწვევაა იყო ქალი მევენახე-მეღვინე, ამით გარკვეულწილად სტერეოტიპების დამსხვრევასაც ვცდილობ. რთულია, მაგრამ სწორედ ეს მაძლევს უდიდეს სტიმულს და ძალას, რომ ჩემი შრომითა და მონდომებით დავიმკვიდრო თავი ამ სფეროში.

როგორ ხედავთ თქვენი პროფესიული გზის განვითარებას? ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ახლო მომავალში მსურს მაქსიმალურად მეტი ცოდნა და გამოცდილება შევიძინო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შემდგომ კი ჩემს თავს მცირე საოჯახო მეღვინეობაში ვხედავ, საიდანაც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ განვვითარდები, გავიზრდები და შევაბიჯებ დიდ მეღვინეობაში. ამასთან ერთად, მსურს საკუთარი მოღვაწეობით მაქსიმალურად გავუწიო პოპულარიზაცია ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. 

რას მიიჩნევთ სოფლის მეურნეობის დარგის მთავარ გამოწვევად დღეს საქართველოში?

საქართველოში უდიდესი პრობლემაა ის, რომ ძველ წეს-ჩვეულებებზე გაზრდილ გლეხებს, კონკრეტულად კი, მევენახეებსა თუ მეღვინეებს უჭირთ სიახლეებთან შეგუება და მათი დანერგვა ამიტომაც არის, რომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობა იმ ტემპით ვერ ვითარდება, როგორც საჭიროა. აღსანიშნავია, რომ ფერმერთა გარკვეული ნაწილი ამ სიახლეებს არც ან ვერც ეცნობა. ამიტომ, ვფიქრობ, მდგრადი სოფლის მეურნეობის გასავითარებლად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სწორედ ამ კატეგორიის ფერმებს გავაცნოთ ინოვაციური ტექნოლოგიები და მათ დანერგვაში დავეხმაროთ. 


აგროსფერო

აგროსფერო