როგორ შევარჩიოთ ღვინის ავზი სწორად:  გზამკვლევი მეღვინეებისთვის

Oto Fareshishvili
17.03.26 04:37 PM - Comment(s)
როგორ შევარჩიოთ ღვინის ავზი

ღვინის დაყენების პროცესში თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეირჩეს ის ჭურჭელი, რომელშიც სასმელი ფერმენტაციასა და დაძველების პერიოდს გადის, რადგან ავზის მასალა, ფორმა და სხვა მახასიათებლები ღვინის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს. 

მეღვინეობის ისტორიის განმავლობაში ღვინის შენახვის მეთოდები მუდმივად იცვლებოდა და იხვეწებოდა. ტექნოლოგიების წყალობით, დღეს იქმნება ისეთი უსაფრთხო ჭურჭელი, რომელიც სითხის ხარისხზე უარყოფითად არ მოქმედებს. 

შეარჩიეთ მასალა ყურადღებით, გაითვალისწინეთ რისკები და განიხილეთ თანამედროვე ალტერნატივები

ქართულ მეღვინეობას ქვევრისა და ხის კასრების გამოყენების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ქვევრი, თავისი ფორმისა და თერმორეგულაციის უნარით, უნიკალური ჭურჭელია. ხისგან დამზადებული კასრი კი მასში დავარგებულ ღვინოს კარგად ინახავს და სასმელს განსაკუთრებულ არომატს მატებს. 

მიუხედავად ამისა, ორივე მასალისაგან დამზადებული ღვინის შესანახი ჭურჭელი შეიცავს რისკებს. მაგალითად, ხის კასრს ფოროვანი სტრუქტურა აქვს და მისი იდეალურად გასუფთავება ძალიან რთულია, რაც ღვინოში დაავადებების გავრცელების ან გემოს ცვლილების მიზეზი შეიძლება გახდეს. ქვევრის კედლებიც ფოროვანია და მიწაში განთავსების გამო ჰიგიენის კონტროლი რთულია. ამასთან ერთად, ქვევრზე გაჩენილმა ბზარმა შესაძლოა სითხის დაბინძურება გამოიწვიოს. 

მეღვინეობაში ამ გამოწვევების არსებობამ უჟანგავი ლითონისგან დამზადებული ავზების პოპულარობა განაპირობა. ეს მასალა ინერტულია, ანუ სითხესთან ქიმიურ რეაქციაში არ შედის და მას ზედმეტ არომატებს არ გადასცემს. შედეგად, კონკრეტული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო სრულად ავლენს თავის მახასიათებლებს. 

რატომ არის უჟანგავი ლითონის ავზი ღვინის შესანახი  უალტერნატივო ჭურჭელი?

უჟანგავი ფოლადის ავზის ზედაპირი იმდენად გლუვია, რომ მასზე მიკროორგანიზმები და ნალექი, ფაქტობრივად, ვერ გროვდება. ეს თვისება კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დუღილისას, როდესაც სასმელის ხარისხსა და სიჯანსაღეს ჭურჭლის სისუფთავე განსაზღვრავს. გარდა ამისა, ღვინის უჟანგავი ფოლადის ავზები ძალიან გამძლეა და მექანიკურ დაზიანებებს კარგად უძლებს.

ღვინის დაყენებისას, განსაკუთრებით დუღილისას, ძალიან მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი. ეს იმიტომ, რომ ზედმეტმა სიმხურვალემ შესაძლოა საფუარი გაანადგუროს ან ღვინის სურნელი და არომატი გააფუჭოს. ძალიან დაბალი ტემპერატურა კი დუღილის პროცესს აფერხებს ან სრულიად აჩერებს. 

ღვინის უჟანგავი ფოლადის ავზები აღჭურვილია სისტემებით, რომელთა მეშვეობითაც სითხის გაგრილება ან გათბობა ხდება. ეს კი შესაძლებლობას იძლევა, რომ თეთრი ღვინისთვის საჭირო დაბალი ტემპერატურა ან წითელი ღვინისთვის აუცილებელი სითბო შენარჩუნდეს. 

ყურადღება გაამახვილეთ ავზის გეომეტრიულ პარამეტრებზე და შეარჩიეთ ოპტიმალური ფორმის ჭურჭელი

სწორად უნდა შეირჩეს ავზის ფორმაც, რადგან ის გავლენას ახდენს დურდოს ( დაწურული ყურძნის კანის, რბილობისა და წიპწის ერთობლიობა) და ყურძნის წვენის ერთმანეთთან ურთიერთქმედებაზე. 

ვერტიკალური ცილინდრული ავზები ყველაზე პრაქტიკულია სივრცის დაზოგვის თვალსაზრისით. თუმცა, წითელი ღვინის დაყენებისას, ფორმასთან ერთად, უნდა განისაზღვროს ავზის დიამეტრიც და სიმაღლეც, რადგან მდიდარი არომატის, ფერის, სხეულისა და ზოგადად, მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად, მნიშვნელოვანია დურდოსა და წვენის ხანგრძლივი კონტაქტი. 

ამრიგად, რაც უფრო ფართოა ჭურჭელი, მით უფრო დიდია შეხების ზედაპირი წვენსა და ზედაპირზე ამოტივტივებულ დურდოს შორის. ფართო ავზში დურდოს ფენა უფრო თხელია, რაც აადვილებს მის დამუშავებას, არომატებისა და ფერის სრულყოფილ გამოთავისუფლებას. ამის საპირისპიროდ, ძალიან ვიწრო ავზში დურდოს სქელი მასა გროვდება, რაც წვენთან მის ურთიერთქმედებასა და ნივთიერებების თანაბარ გადანაწილებას უშლის ხელს.

გამოთვალეთ მოცულობა სწორად და გაითვალისწინეთ უსაფრთხოების ნორმები

შესაბამისი ფორმის შერჩევას შემდეგ ნაბიჯად ლოგიკურად მოჰყვება ტევადობის განსაზღვრა. აქ მთავარი შეცდომა, რომელსაც დამწყები მეღვინეები ხშირად უშვებენ, ზუსტად იმ მოცულობის ავზის შეძენაა, რამდენი ლიტრი წვენიც მასში ჩაეტევა. 

იქიდან გამომდინარე, რომ დუღილის პროცესში სითხე ფართოვდება, დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი და ქაფი წარმოიქმნება, საჭიროა ავზში თავისუფალი სივრცე არსებობდეს. იმ შემთხვევაში, თუ ჭურჭელი პირამდე იქნება სავსე, სითხე გადმოვა და ის შეიძლება ანტისანიტარიის წყაროდაც იქცეს – გადმოსული ტკბილი მასა იზიდავს მწერებს და იდეალურ გარემოს ქმნის არასასურველი ბაქტერიებისა თუ ობის გასავითარებლად. 

,,აგროსფეროს” გამოცდილი სპეციალისტების რჩევით, სასურველია, რომ ავზის მოცულობის დაახლოებით 20-25% ყოველთვის თავისუფალი დარჩეს. მაგალითად, თუ არსებობს მოლოდინი, რომ ყურძნის წვენი 800 ლიტრს შეადგენს, უმჯობესია ის 1000 ლიტრიან ავზში მოთავსდეს. 

როგორ უნდა შეინარჩუნოთ ავზის ხარისხი წლების განმავლობაში?

ხარისხიანი უჟანგავი ფოლადის ავზის ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის აუცილებელია მოვლის მარტივი წესების დაცვა. ყოველი სეზონის წინ და შემდეგ ჭურჭელი საფუძვლიანად უნდა გაირეცხოს, რათა ზედაპირზე მიკროორგანიზმები და ნარჩენი ნივთიერებები არ დაგროვდეს. ამ მიმართულებით გასათვალისწინებელია, რომ ლითონის ზედაპირზე უხეში ჯაგრისების გამოყენება დაუშვებელია. წმენდის შედეგად მასზე ნაკაწრები გაჩნდება, რაც ბაქტერიების გამრავლების საფრთხეს გაზრდის. 

ჰიგიენური დამუშავებისას განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სარეცხი საშუალებების შერჩევა. ქლორის შემცველი პროდუქტები უჟანგავი ფოლადის ზედაპირს აზიანებს და კოროზიის განვითარების რისკს ქმნის. სასურველია არჩევანი სპეციალურ, მეღვინეობისთვის განკუთვნილ ხსნარებზე შეჩერდეს, რომლებიც ლითონის დამცავ ფენას არ აზიანებს და ეფექტურად აშორებს ნალექს.

გარეცხვის შემდეგ აუცილებელია ავზის კარგად გაშრობა. ჭურჭლის ცარიელ მდგომარეობაში შენახვისას მისი თავღია დატოვება კი საუკეთესო გზაა უსიამოვნო სუნისა და ნესტის თავიდან ასაცილებლად.

ღვინის უჟანგავი ფოლადის ავზები „აგროსფეროს” ასორტიმენტში

„აგროსფეროში“ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პროდუქციის ხარისხს, ამიტომ ქსელში წარმოდგენილი ღვინის უჟანგავი ფოლადის ავზები დამზადებულია ევროპული სტანდარტის AISI 304 და AISI 316 მარკის ფოლადისგან. ეს არის მასალა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კვების უსაფრთხოების ნორმებს.

ჩვენი ასორტიმენტი მორგებულია როგორც მცირე საოჯახო მარნებზე, ისე დიდ საწარმოებზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, იპოვონ თავიანთი წარმოებისთვის ოპტიმალური ზომისა და კომპლექტაციის ავზი:

  • მცირე მოცულობის ავზები (100-300 ლიტრი): ეს კატეგორია ოპტიმალურია მიკრო-მეღვინეობისთვის ან ექსპერიმენტული წარმოებებისთვის. 100 ლიტრიანი ჭურჭელი საშუალოდ 140-150 კილოგრამ ყურძენზეა გათვლილი;

  • საშუალო მოცულობის ავზები (400-750 ლიტრი): აღნიშნული მოდელები ძირითადად საშუალო მასშტაბის საოჯახო მარნებისა და მცირე კომერციული წარმოებებისთვის არის განკუთვნილი. მაგალითად, 500 ლიტრიანი ღვინის უჟანგავი ფოლადის ავზი გათვლილია დაახლოებით 700-750 კილოგრამი ყურძნისთვის;

  • სამრეწველო მოცულობის ავზები (1000-3000 ლიტრი): ეს ჭურჭელი განკუთვნილია კომერციული წარმოებისთვის, რადგან მათში დიდი რაოდენობით ნედლეულის მოთავსებაა შესაძლებელი. მაგალითად, 2000 ლიტრიანი ავზი დაახლოებით 2.8-3 ტონა ყურძენს იტევს. 

იმისათვის, რომ ხარისხიანი ღვინის წარმოება ყველა დაინტერესებული პირისა და მეღვინისთვის ხელმისაწვდომი იყოს, „აგროსფერო“ მომხმარებელს პროფესიონალურ მხარდაჭერას სთავაზობს. ნებისმიერ დროს შესაძლებელია კონსულტაციის გავლა აგროკონსულტანტებთან, რომლებიც მეღვინეებს ავზების შერჩევის პროცესში საჭირო რეკომენდაციებს მისცემენ და მხარდაჭერას გაუწევენ.


Oto Fareshishvili