
მცენარეთა დაცვის საშუალებები თანამედროვე სოფლის მეურნეობის განუყოფელი ნაწილია, რადგან მავნებლებთან, სარეველებთან თუ სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა მათ გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ როგორ იყენებს ფერმერი პესტიციდებს – ითვალისწინებს თუ არა მცენარის განვითარების ფაზებს, სპეციფიკურ გარემო-პირობებს და იცავს თუ არა მცენარეთა დაცვის საშუალებების როტაციის წესებს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პესტიციდების რეზისტენტობის თავიდან ასარიდებლად. თუ რატომ, ამას ბლოგში დეტალურად მიმოვიხილავთ.
როგორ ვითარდება რეზისტენტობა?
რეზისტენტობა არის ბუნებრივი პროცესი, რომლის დროსაც მავნებლები, სარეველები ან დაავადების გამომწვევი სოკოები თანდათანობით პესტიციდების მიმართ მგრძნობელობას კარგავენ. ამას ძირითად შემთხვევაში პრეპარატების არასწორად გამოყენება განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ ყველა სამიზნე მავნე ორგანიზმი ერთნაირად არ რეაგირებს მცენარეთა დაცვის კონკრეტულ საშუალებაზე. ერთმა პრეპარატმა შეიძლება გაანადგუროს ორგანიზმთა გარკვეული ჯგუფი, დანარჩენზე კი ზემოქმედება საერთოდ ვერ მოახდინოს ან მისი ეფექტი მათზე სუსტი იყოს. შესაბამისად, ერთი და იგივე პესტიციდის გამოყენებისას ნადგურდება მავნე ორგანიზმების მხოლოდ ნაწილი, ბუნებრივად უფრო გამძლეები კი გადარჩენასა და გამრავლებას აგრძელებენ. ამას ემატება ისიც, რომ ყოველი მომდევნო თაობა იგივე მოქმედების მექანიზმის მიმართ უფრო მდგრადი ხდება და პრეპარატი ეფექტს სულ უფრო კარგავს.
რეზისტენტობის განვითარების რისკი განსაკუთრებით იზრდება ერთი და იგივე მოქმედების მექანიზმის მქონე საშუალებების განმეორებით გამოყენებისას, ასევე, პრეპარატების არასაკმარისი დოზით მოხმარებისას ან მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის (IPM) პრინციპების უგულებელყოფის დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მავნე ორგანიზმების გასაკონტროლებლად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეფექტიანი და ხარისხიანი პესტიციდების შერჩევა, არამედ მათი შემადგენელი კომპონენტებისა და მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებაც. მხოლოდ ამ ინფორმაციის დახმარებით არის შესაძლებელია მცენარეთა დაცვის საშუალებების სწორი როტაცია და რეზისტენტობის განვითარების პრევენცია.
რა არის IRAC, HRAC და FRAC?
ფერმერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რომ სხვადასხვა ბრენდის პრეპარატების მონაცვლეობა უკვე საკმარისია რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად. სინამდვილეში, ორ განსხვავებული სახელწოდების პროდუქტს შეიძლება ერთი და იგივე მოქმედების მექანიზმი ჰქონდეს.
ამ ტიპის გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა სამი საერთაშორისო კომიტეტი – IRAC, HRAC და FRAC, რომელთა მიზანიც რეზისტენტობის შემთხვევების აღრიცხვა და მცენარეთა დაცვის საშუალებების მოქმედების მექანიზმის მიხედვით დაჯგუფებაა. მათი დანიშნულებაა შეისწავლონ პრეპარატების ეფექტი მავნებლებზე, სარეველებსა თუ დაავადების გამომწვევ მავნე ორგანიზმებზე და მათ შესაბამისი კოდები მიანიჭონ. მწარმოებელი კი, თავის მხრივ, ვალდებულია, ეს კოდები თავიანთ პროდუქტზე განათავსონ და ამ გზით ფერმერებს მცენარეთა დაცვის პროგრამის სწორად დაგეგმვა გაუმარტივონ.
IRAC – ინსექტიციდების რეზისტენტობის მართვა
IRAC-ის (Insecticide Resistance Action Committee) საქმიანობა ინსექტიციდების მოქმედების მექანიზმების შესწავლასა და მათ დაჯგუფებას მოიცავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მწერები და ტკიპები სწრაფად გამრავლებასა და გარემო პირობებთან მარტივად ადაპტაციას ახერხებენ. ზოგიერთ მავნებელს იმის უნარიც კი აქვს, რომ ერთ სეზონზე რამდენიმე თაობით გამრავლდეს, რაც რეზისტენტობის განვითარების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.
თუ ერთსა და იმავე IRAC კოდის მქონე ინსექტიციდს განმეორებით გამოვიყენებთ, მავნებლების პოპულაციაში თანდათან გაიზრდება გამძლე ინდივიდების რაოდენობა. ამიტომ რეკომენდებულია, რომ ფერმერმა მომდევნო წამლობაზე სხვა IRAC ჯგუფის პრეპარატი შეარჩიოს. ასეთი როტაცია რეზისტენტობის განვითარების ალბათობას ამცირებს და ინსექტიციდების ეფექტის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
HRAC – ჰერბიციდების რეზისტენტობის მართვა
არანაკლებ კომპლექსურია სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე გავრცელებულია ე.წ. „სუპერსარეველები“ – მავნებელ მცენარეთა სახეობა, რომელმაც გარკვეული მოქმედების მექანიზმის პრეპარატების მიმართ განსაკუთრებული გამძლეობა გამოიმუშავა. ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება HRAC (Herbicide Resistance Action Committee). ის შეისწავლის ჰერბიციდების მოქმედებას და შესაბამისი კოდების მიხედვით აკლასიფიცირებს.
ინსექტიციდების მსგავსად, სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე HRAC კოდის მქონე ჰერბიციდების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის პრეპარატების მიმართ სარეველების მედეგობას. სხვადასხვა HRAC ჯგუფის საშუალებების მონაცვლეობა კი ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
სარეველებთან ბრძოლისას ძალიან მნიშვნელოვანია აგროტექნიკური ღონისძიებების სწორად დაგეგმვაც. კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგის დროული დამუშავება და სარეველების მექანიკური კონტროლი, მაგალითად, გამარგვლა, კულტივაცია ან მწკრივთაშორისი დამუშავება, ხელს უშლის სარეველების გავრცელებასა და ჰერბიციდების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას.
FRAC – ფუნგიციდების რეზისტენტობის მართვა
დაავადებების გამომწვევი პათოგენები მუდმივად განიცდიან გენეტიკურ ცვლილებებს, რის გამოც მათ დროთა განმავლობაში შეიძლება განუვითარდეთ კონკრეტული მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდების მიმართ რეზისტენტობა. ფუნგიციდების შესწავლა და მათი კლასიფიკაცია FRAC-ის (Fungicide Resistance Action Committee) დანიშნულებაა.
ამ შემთხვევაშიც პრინციპი მსგავსია – ერთი და იგივე მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდების განმეორებით გამოყენება ზრდის რეზისტენტული პათოგენების გავრცელების რისკს. ამიტომ, IRAC-ისა და HRAC-ის მსგავსად, აქაც აუცილებელია სხვადასხვა FRAC ჯგუფის ფუნგიციდების მონაცვლეობით გამოყენება.
როგორ გამოვიყენოთ კოდები პრაქტიკაში?
პროდუქტის შერჩევისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ, რომელი IRAC, HRAC ან FRAC კოდი აქვს მინიჭებული პროდუქტს. პირობითად, თუ წინა შეწამვლისას გამოყენებული იყო გარკვეული მოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატი, მომდევნო დამუშავებისთვის სასურველია სხვა კოდის მქონე საშუალების შერჩევა. თუმცა ეს დამოკიდებულია მოქმედ ნივთიერებაზე და ცალკეულ შემთხვევებზე, მაგალითად, არსებობს პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც მიზანშეწონილია ზედიზედ ორჯერ.
მავნე ორგანიზმების მართვის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რომელ კულტურასთან გვაქვს საქმე, როგორია გარემო-პირობები, რა აგროპროცესებია უკვე ჩატარებული ან რა ტიპის ღონისძიებები იგეგმება სამომავლოდ. საჭიროებების სწორად განსაზღვრა არც ისე მარტივია, ამიტომ ამ პროცესში ჩვენი აგრო-კონსულტანტები დაგეხმარებიან, რისთვისაც უნდა დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 322 500 900 ან გვეწვიოთ მაღაზიათა ქსელში.
მცენარეთა დაცვის საშუალებების კოდების მიხედვით შერჩევის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხიც. სწორედ ამიტომ „აგროსფეროს“ მრავალფეროვანი ასორტიმენტი მოიცავს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინსექტიციდებს, ჰერბიციდებსა და ფუნგიციდებს. ცალკე უნდა გამოვყოთ BAYER-ის ინოვაციური პროდუქცია, რომელიც ეფექტიანთან ერთად, უსაფრთხოა მცენარისა და გარემოსთვის.
