„აგროსფერო“ უკვე მე-4 წელია, აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს და საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება კომპანიის ბაზებზე. აღნიშნული პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
კომპანია "აგროსფერომ" წელს სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ შორის ერთ-ერთი აგრონომიის პროგრამის სტუდენტი მერაბ ხახიშვილია.
მერაბ, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ სტიპენდია და, ზოგადად, სტუდენტების ხელშემწყობი მსგავსი პროგრამები?
ჩემი აზრით, სტუდენტობის პერიოდში ცოტა რთულია გრძელვადიან პერსპექტივაში აღიქვა სწავლის პროცესში ჩადებული ძალისხმევის შედეგები, ამიტომ მსგავსი პროგრამები ფოკუსირებაში ხელს გიწყობს. გარდა ამისა, დამატებითი ფინანსები სტუდენტს განვითარებაშიც ეხმარება. მე პირადად სტიპენდიას ახალი უცხოური სახელმძღვანელოებისთვის გამოვიყენებ, ვინაიდან მათი შეძენა ძვირი სიამოვნებაა.
როდის და რატომ დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით? რატომ აირჩიეთ კონკრეტული მიმართულება?
მე კახეთში, ლაგოდეხის რაიონში დავიბადე და გავიზარდე. ამ დარგთან მუდმივად მქონდა შეხება, თანაც ყოველთვის მაინტერესებდა. ვინაიდან სოფლის მეურნეობა ჩემი და ჩემი გარშემომყოფების ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო იყო, ვიფიქრე, ამ დარგში მეტი ცოდნის და გამოცდილების მიღება საერთო სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლაში დამეხმარებოდა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე მინდა განათლება საზღვარგარეთ მივიღო. საბოლოოდ კი საკუთარ თავს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ სასათბურე მეურნეობაში ან ინტენსიურ ხეხილის ბაღებში ვხედავ.
რას მიიჩნევთ სოფლის მეურნეობის მთავარ გამოწვევად დღეს საქართველოში?
საქართველოში, ისევე როგორც განვითარებულ მსოფლიოში, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მუშახელის ნაკლებობა და აგროპროცესების არასაკმარისი მექანიზაციაა. ამასთან, სოფლის მეურნეობაში მეტი ინოვაციის დანერგვა და მეტი განათლებაა საჭირო. თუმცა ამ უკანასკნელზე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ბოლო წლებში პროგრესი ნამდვილად შეიმჩნევა.