
ფრანგულმა კომპანია Seguin Moreau-მ, რომელიც მუხის კასრების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი მწარმოებელია, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ქართული მარნის, Eclipse Winery-ს დამფუძნებლის, დავით ხმელიძის შეფასება გამოაქვეყნა. ქართველი მეღვინე მკითხველს კომპანიის ფილოსოფიას, ღვინის შექმნის პროცესსა და ამ პროცესში ფრანგული მუხის კასრების მნიშვნელობას აცნობს.
დავით ხმელიძე Seguin Moreau-ს კასრების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად მათ თანმიმდევრულ და პროგნოზირებად მოქმედებას ასახელებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარი ღვინის ხანგრძლივი დავარგებისას. მისი განმარტებით, მუხის სწორად გამოყენება ხელს უწყობს ღვინის თითოეული კომპონენტის ჰარმონიულ განვითარებასა და ბალანსის შენარჩუნებას.
„Seguin Moreau-ს კასრებში განსაკუთრებით მოგვწონს ის, თუ როგორ ჰარმონიულად ერწყმის მუხა ღვინოს. კასრების სტაბილური მახასიათებლები საიმედო საფუძველს ქმნის, რაც აუცილებელია სხვადასხვა კომპონენტთან მუშაობისას და ღვინის ხანგრძლივად დავარგებისას“, – ვკითხულობთ დავით ხმელიძის შეფასებაში.
Seguin Moreau-ს მუხის კასრების ოფიციალური შემომტანი საქართველოში კომპანია „აგროსფეროა“, რომელიც ადგილობრივ ბაზარს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და აგროტექნიკით ამარაგებს. Seguin Moreau-ს პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება „აგროსფეროს“ ვებგვერდზე არის შესაძლებელი.
ქართველი მეღვინე Eclipse Winery-ს ფილოსოფიაზეც საუბრობს. მისი თქმით, მარნის მიზანი არა უბრალოდ ქართული ღვინის, არამედ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გამორჩეული ხარისხის პროდუქტის შექმნაა.
„სუპერ ტოსკანური“ ღვინოების მაგალითით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა „სუპერ კახეთი“ – ქართული ღვინო, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის თავის დამკვიდრების ამბიცია აქვს“, – აღნიშნავს ის.
„სუპერ ტოსკანური“ (Super Tuscan) ღვინის კონცეფცია იტალიაში, ტოსკანის რეგიონში ჩამოყალიბდა. იგი უკავშირდება მეღვინეების მისწრაფებას, გასცდნენ წარმოების ტრადიციულ წესებს და ვაზის განსხვავებული ჯიშებისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შექმნან მაღალი ხარისხის ღვინო.
„სუპერ კახეთის“ (Super Kakheti) კონცეფციაც ტრადიციებისა და წარმოების თანამედროვე მიდგომების გაერთიანებას გულისხმობს. ის ყურძნის მკაცრ შერჩევას, თითოეული კომპონენტის დამოუკიდებლად დავარგებას, მათ გააზრებულ შერწყმასა და ფრანგული მუხის გამოყენებას ეფუძნება. ამ პრინციპებით იქმნება Eclipse Winery-ს ახალი წითელი ღვინო, რომლის საფუძველს ვაზის სამი საერთაშორისო ჯიში – Cabernet Sauvignon, Cabernet Franc და Merlot – წარმოადგენს.
თითოეული მათგანი 12 თვის განმავლობაში Seguin Moreau-ს კასრებში ცალ-ცალკე ვარგდებოდა. იმავე მეთოდით დამუშავდა საქართველოს სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელებიდან შერჩეული საფერავის ორი ღვინოც, ხოლო მესამე ქვევრში დადუღდა და მომწიფდა, რათა შენარჩუნებულიყო ღვინის ტრადიციული ხასიათი.
საბოლოოდ, ცალ-ცალკე დავარგებული ღვინოები გააერთიანეს, მიღებული ნაზავი კი დამატებით ექვსი თვით სპეციალურად მომზადებულ, 500-ლიტრიან ფრანგული მუხის კასრებში მოათავსეს. ეს კასრები მანამდე მხოლოდ ერთხელ, თეთრი ღვინის დასავარგებლად იყო გამოყენებული.
ამ პრინციპით შექმნილი ახალი ღვინო Eclipse Luna-ს სახელით გამოვა და ის Eclipse Winery-ს ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი იქნება. მის ვიზუალურ იდენტობაზე ფრანგმა ხელოვანმა და მოქანდაკემ, ჟერარ პიუვისმა (Gérard Puvis) იმუშავა.
Eclipse Winery ქართული მარანია, რომელიც კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს. მისი დამფუძნებლები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები არიან, რომლებმაც ღვინის წარმოების საკუთარი კონცეფცია მსოფლიოს მოწინავე მეღვინეობების გაცნობის შემდეგ შეიმუშავეს. Eclipse Winery-ს ღვინოებს საერთაშორისო კონკურსებზე არაერთი ჯილდო აქვთ მიღებული.
