
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია CLAAS-მა შვიდი ახალი VOLTO გამფანტველი წარუდგინა მომხმარებლებს. 6.60-დან 10.80 მეტრამდე სამუშაო სიგანის მქონე ახალი სერია უზრუნველყოფს სამუშაოს უკეთესად შესრულებას, აღჭურვილია თანამედროვე გადაცემათა სისტემით და საჭიროებს მინიმალურ ტექნიკურ მომსახურებას.
შვიდი ახალი მოდელი სხვადასხვა ტიპის მეურნეობისთვის
VOLTO გამფანტველების ახალი ოჯახი მოიცავს შემდეგ მოდელებს:
მოდელი | სამუშაო სიგანე |
VOLTO 700 | 6.60 მ |
VOLTO 800 | 7.70 მ |
VOLTO 800 TH | 7.70 მ |
VOLTO 900 | 8.70 მ |
VOLTO 900 T | 8.70 მ |
VOLTO 1100 | 10.80 მ |
VOLTO 1100 T | 10.80 მ |
VOLTO 700, 900 და 1100 აღჭურვილია 1.50-მეტრიანი როტორებით, ხოლო თითოეულ როტორზე განთავსებულია ექვსი კბილი. რაც შეეხება, VOLTO 800 TH-ს, მას აქვს 1.70-მეტრიან როტორი შვიდი კბილით, რაც ზრდის წარმადობას და უზრუნველყოფს მასალის უფრო ეფექტიან გაფანტვას.
ახალი სერიის VOLTO გამფანტველებში გადმოტანილია CLAAS-ის უკვე არსებული და აღიარებული მოდელების – VOLTO 1300-1500 TS-ს – ტექნოლოგიები. ამასთან ერთად, მათში დამატებულია ახალი მახასიათებლებიც.
PERMALINK HD – ახალი გადაცემათა სისტემა
უახლესი VOLTO გამფანტველების დახასიათებისას, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ახალი გადაცემათა სისტემა PERMALINK HD, რომელიც ჰერმეტულად არის დახურული და მუდმივად არის ზეთით შევსებული. შესაბამისად, მასში არ ხვდება მტვერი თუ წყალი. შიგნით არსებული ზეთი კი მოძრავი ნაწილების საპოხად გამოიყენება. ასეთი კონსტრუქცია აფერხებს ცვეთის პროცესს და მნიშვნელოვნად ამცირებს ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას.
PERMALINK HD, თითისებრი ქუროების (Finger Clutches) დახმარებით, უზრუნველყოფს ძალის უფრო ეფექტიან გადაცემას და მაღალი დატვირთვის პირობებშიც საიმედოდ მუშაობს. ამასთან, PTO-ის ლილვის ბრუნვის სიჩქარე 50%-ითაა გაზრდილი, რაც ამცირებს გადაცემათა სისტემაზე დატვირთვას და აუმჯობესებს მოდელების რესურსის ათვისებას.
MAX SPREAD – უკეთესი გაფანტვა ხარისხიანი საკვების მისაღებად
ახალ მოდელებში CLAAS-მა გამოიყენა მსოფლიოში კარგად გამოცდილი MAX SPREAD ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ბალახის თანაბარ გაფანტვასა და სწრაფ გაშრობას. 29.3°-იანი კუთხით განლაგებული კბილების საყრდენი მკლავები მასალას ფენებად იღებს და თანაბრად ანაწილებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე და ნესტიან ბალახთან მუშაობისას. ამასთან, როტორების კონსტრუქცია საშუალებას აძლევს ტექნიკას ზუსტად მიჰყვეს ნიადაგის რელიეფს, რის შედეგადაც ბალახი უფრო ფრთხილად მუშავდება, არ ზიანდება და მიიღება უფრო მაღალი ხარისხის საკვები.
გაფანტვის კუთხის მარტივი რეგულირება
ახალი მოდელები ოპერატორს საშუალებას აძლევს სამუშაო პირობების შესაბამისად, დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე, სწრაფად შეცვალოს ბალახის გაფანტვის კუთხე – 12°, 16° ან 18°-მდე.
საზღვრებთან მუშაობის გასამარტივებლად ტექნიკა, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება აღიჭურვოს მექანიკური ან ჰიდრავლიკური სასაზღვრო გაფანტვის სისტემით (Boundary Spreader), რაც ხელს უშლის ბალახის მინდვრის ფარგლებს გარეთ გაფანტვას.
ახალი CKL ჰიდრავლიკური სტაბილიზაციის სისტემა
სამწერტილოვანი მისაბმელიანი ახალი VOLTO მოდელები სტანდარტულად აღჭურვილია CLAAS Power Suspension (CKL) ჰიდრავლიკური სტაბილიზაციის სისტემით, რაც უზრუნველყოფს ტექნიკის უფრო სტაბილურ და რბილ მუშაობას. ის ეხმარება გამფანტველს ზუსტად მიჰყვეს ნიადაგის რელიეფს, ზრდის სტაბილურობას ფერდობებზე, ამცირებს ვიბრაციას და საშუალებას იძლევა სამუშაო უფრო სწრაფად შესრულდეს. ტრანსპორტირებისას კი სისტემა ამცირებს გზის უსწორმასწორობის გავლენას, რაც გადაადგილებას უფრო კომფორტულს ხდის.
ახალი, კომპაქტური ჩარჩოს წყალობით ტექნიკის წონა უფრო თანაბრად ნაწილდება, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია შედარებით მცირე სიმძლავრის ტრაქტორებთანაც. ამასთან, კომპაქტური კონსტრუქცია ოპერატორს სამუშაო ზონის უკეთ დანახვის საშუალებას აძლევს.
გამძლე კონსტრუქცია
VOLTO გამფანტველების ჩარჩო დამზადებულია გამძლე ფოლადის პროფილებისგან, რაც მის საიმედოობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს. განახლებულია ასევე ბორბლების კონსტრუქცია – გაძლიერებულია მათი საყრდენი მექანიზმები და გამოყენებულია დიდი ზომის ბორბლები, რაც ზრდის ტექნიკის სტაბილურობას როგორც მუშაობის, ისე ტრანსპორტირების დროს. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი საყრდენი ბორბლის დამონტაჟებაც.
ღამის ზოლების რეჟიმი (Night Swath)
VOLTO 1100 და VOLTO 1100 T მოდელები აღჭურვილია Night Swath რეჟიმით. ამ ფუნქციის გამოყენებისას ბალახი რამდენიმე ვიწრო ზოლად ნაწილდება, რაც ღამის განმავლობაში მის უფრო სწრაფ გამოშრობას უწყობს ხელს და ამცირებს ხელახლა დანესტიანების რისკს.
VOLTO 700, 800, 900 და 900 T მოდელებისთვის Night Swath ფუნქცია დამატებითი ფუნქციის სახით არის ხელმისაწვდომი.
18-to-12 ტექნოლოგია
VOLTO 1100 და VOLTO 1100 T სრულადაა მორგებული CLAAS-ის 18-to-12 ტექნოლოგიაზე.
ეს ნიშნავს, რომ:
● სათიბს შეუძლია დაამუშაოს 18-მეტრიანი ზოლი;
● LINER-ის ოთხროტორიანი საფოცხი მასალას ერთ გასვლაში აგროვებს;
● გასვლების რაოდენობა დაახლოებით 33%-ით მცირდება;
● ერთ ზოლში 40%-ით მეტი მასა გროვდება;
● საკვების დამამზადებელი კომბაინის წარმადობა უფრო ეფექტიანად გამოიყენება;
● მცირდება სამუშაო დრო და საწვავის ხარჯი.
იმ შემთხვევაში, თუ ბალახი ჯერ კიდევ ნესტიანია და დამატებითი გამოშრობა სჭირდება, VOLTO 1100 დახმარებით შესაძლებელია მისი თანაბრად გადანაწილება და გადმობრუნება, რის შედეგადაც ის უფრო სწრაფად და თანაბრად შრება.
მარტივი მართვა და ტრანსპორტირება
ახალი VOLTO სერია მარტივი სამართავია და არ საჭიროებს დამატებით მონიტორს ან ტერმინალს. ამისათვის საკმარისია ერთი ორმაგი მოქმედების ჰიდრავლიკური სექცია (VOLTO 700-ის შემთხვევაში – ერთმოქმედებიანი).
VOLTO 1100-ს დამატებით აქვს საყრდენი ფეხი, რომელიც ტრანსპორტირებისას საყრდენ ბორბლებს ზედმეტი დატვირთვისგან იცავს. PTO-ის ლილვზე კი გამოყენებულია გადახვევის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ტექნიკის მიერთებას უფრო მარტივსა და მოსახერხებელს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ დაკეცილ მდგომარეობაში ყველა მოდელის სატრანსპორტო სიგანე 3 მეტრზე ნაკლებია, რაც გზებზე გადაადგილებას ამარტივებს.
დაბოლოს, ახალი VOLTO მოდელები აღჭურვილია განახლებული LED განათების სისტემით, რომელიც ზრდის ხილვადობასა და უსაფრთხოებას გზებზე გადაადგილებისას.
„აგროსფერო“ CLAAS-ის ოფიციალური პარტნიორია, ამიტომ მისი ახალი VOLTO მოდელებით დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთან დაგვირეკეთ ნომერზე +995 322 500 900.
