„აგროსფერო“ უკვე მე-4 წელია, აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს და საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება კომპანიის ბაზებზე. აღნიშნული პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
„აგროსფერომ“ წელს სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ შორის ერთ-ერთი მექანიკის ინჟინერიის პროგრამის სტუდენტი ბაქარ ჭყოიძეა.
ბაქარ, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ სტიპენდია და როგორ დაგეხმარებათ ის პროფესიულ განვითარებაში?
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქმე ისაა, რომ ჩვენ, როგორც კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხელი სახელმწიფო სტიპენდიებზე არ მიგვიწვდება.
პირადად მე, ის ბევრ რამეში დამეხმარება და საბოლოოდ, შემოსავლის დამატებითი წყარო ჩემს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. გარდა ამისა, „აგროსფეროში“ პრაქტიკის გავლასაც ვაპირებ. კომპანიამ უკვე მიმასპინძლა და მისი საქმიანობის სფეროებიც გამაცნო.
როდის და რატომ დაინტერესდით მექანიკის ინჟინერიით?
ვერ ვიტყვი, რომ მექანიკის ინჟინერიამ თავიდანვე დამაინტერესა, თუმცა სწავლის პროცესში მეტი ინფორმაციის მიღებისა და სფეროში არსებული მოთხოვნების უკეთ გაცნობიერების შემდეგ, მივხვდი, ეს მიმართულება პერსპექტიული იქნებოდა. ახლა უკვე დასაქმებულიც ვარ და ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ. ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე კარგად მოვერგებოდი ამ საქმიანობას.
როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარებ და კიდევ უფრო გავიღრმავებ ცოდნას. ამჟამად კი უფრო მეტად სამსახურზე ვარ ორიენტირებული. აქ შეძენილი გამოცდილება ძალიან მეხმარება პროფესიულ ზრდაში – ერთდროულად ვახერხებ პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღებას.
დაბოლოს, რას მიიჩნევთ სოფლის მეურნეობის დარგის მთავარ გამოწვევად საქართველოში?
ბევრი ფერმერი გეტყვით, რომ ფინანსების არარსებობის გამო მეურნეობის ზრდას ვერ ახერხებს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ, თუ ფერმერს თავისი საქმიანობის განვითარება და მეურნეობაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა სურს, ის შესაბამის ფინანსებსაც მოიპოვებს და ამისთვის საჭირო ინფორმაციასაც. საქართველოში არსებული სირთულეების მიუხედავად, წარმატებისთვის მთავარი სწორედ სურვილი და აგრომეურნეობისადმი სწორი დამოკიდებულება მგონია.