
„აგროსფერო“ უკვე მე-4 წელია, აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს და საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება კომპანიის ბაზებზე. აღნიშნული პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
„აგროსფერომ“ წელს სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ შორის ერთ-ერთი მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტი შალვა ოთარაშვილია.
შალვა, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ სტიპენდია და, ზოგადად, სტუდენტების ხელშემწყობი მსგავსი პროგრამები?
ქართულ ენაზე რესურსების სიმწირიდან გამომდინარე, სტუდენტები ვცდილობთ დანაკლისი ელექტრონული წიგნებითა და ონლაინ კურსებით შევივსოთ. სამწუხაროდ, ბევრს შეზღუდული ფინანსების გამო მათზე უარის თქმა გვიწევს. მსგავსი პროგრამები და კონკრეტულად სტიპენდია ამ პრობლემის გადაჭრის მარტივი და ეფექტიანი გზაა. პირადად მე სტიპენდიით 2 ახალი ონლაინ კურსის გავლას ვგეგმავ უახლოეს მომავალში, რადგან ამჟამად ჩემი პრიორიტეტი განათლების მიღება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაა.
როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით? რატომ აირჩიეთ კონკრეტულად
მევენახეობა-მეღვინეობა?
მევენახეობისადმი ინტერესი აგრარულ უნივერსიტეტში სწავლისას, თუმცა პროგრამაზე მეღვინეობისადმი ინტერესის გამო არჩევანის გაკეთება მარტივი იყო – მინდოდა პროფესია, რომელიც იქნებოდა ერთდროულად პრაგმატული, ინტელექტუალურად საინტერესო და დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის კულტურასთან. ვფიქრობ, სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
როგორ ხედავთ თქვენი პროფესიული გზის განვითარებას?
ამ ეტაპზე პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას ვცდილობ, თუმცა ჩემი საბოლოო მიზანი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას უკავშირდება. მსურს, სწავლის მაგისტრატურაზე გაგრძელება და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში დარწმუნებული ვარ, ჩვენს თაობას შეუძლია საქართველო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიან ღვინის მწარმოებელ ქვეყნად აქციოს.
დაბოლოს, რას მიიჩნევთ სოფლის მეურნეობის დარგის მთავარ გამოწვევად დღეს საქართველოში?
ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის სიმწირეა. ვაზისა და ღვინის მიმართულებით ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს – შეგვიძლია მსოფლიოს შევთავაზოთ უნიკალური, მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის პროდუქცია, თუმცა ამისთვის აუცილებელია სისტემური კვლევები ნიადაგის, ვაზის, ქვევრის და სხვა მიმართულებებით.
