CLAAS მიმდინარე წელს CLAAS connect-ის შესაძლებლობებს აუმჯობესებს

Oto Fareshishvili
17.08.26 06:09 PM - Comment(s)

CLAAS-ის ციფრულ პლატფორმა CLAAS connect-ს ახალი ფუნქციები ემატება. დაანონსებული სიახლეები ფერმერებსა და მომსახურების კომპანიებს ტექნიკისა და ავტოპარკის მართვას, მონაცემების გაცვლასა და დოკუმენტაციის წარმოებას გაუმარტივებს. გაუმჯობესებული პლატფორმა ასევე სამუშაო პროცესების გამჭვირვალობას გაზრდის და სხვადასხვა ტიპისა და ბრენდის ტექნიკის ერთიან სისტემაში მართვას გახდის შესაძლებელს.

მონაცემების ავტომატური გაზიარებამონაცემების ავტომატური გაზიარება

2026 წლის ივლისიდან CLAAS connect-ში ხელმისაწვდომი გახდა Machine Sharing ფუნქცია, რომელიც ფერმერებს, მომსახურების კომპანიებსა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციას ტექნიკის მონაცემების ავტომატურად გაზიარების საშუალებას მისცემს. ეს ნიშნავს, რომ CLAAS connect-ით დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის ავტოპარკის შესახებ ინფორმაცია ერთდროულად, რეალურ დროში გახდება ხელმისაწვდომი.

სხვადასხვა წარმოების ტექნიკის ერთიან სისტემაში მართვასხვადასხვა წარმოების ტექნიკის ერთიან სისტემაში მართვა

2026 წლის ბოლომდე CLAAS connect-ში შესაძლებელი გახდება არამხოლოდ CLAAS-ის წარმოების, არამედ სხვა ბრენდების ტექნიკისა და მისაბმელი მოწყობილობების რეალურ დროში მონიტორინგი. ამ ფუნქციას სმარტფონის GPS და Bluetooth iBeacon ტექნოლოგია უზრუნველყოფს. სისტემა ასახავს როგორც თვითმავალი ტექნიკის, ისე მისაბმელი მოწყობილობების ადგილმდებარეობას, მიუხედავად მათი ბრენდის, მოდელისა თუ გამოშვების წლისა.

ავტომატური დოკუმენტაციაავტომატური დოკუმენტაცია

განახლებული CLAAS connect ავტომატურად დააფიქსირებს, თუ რა ტიპის სამუშაო სრულდება – თესვა, სასუქის შეტანა, მცენარეთა დაცვის ღონისძიებები თუ ნიადაგის დამუშავება. პლატფორმა შეაგროვებს მონაცემებს და შექმნის შესრულებული სამუშაოების ჩანაწერს. ეს კი ოპერატორსა და ფერმერებს დაეხმარება მარტივად შექმნან დოკუმენტაცია, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი სრული სამუშაო პროცესი.

Machine connect-ის ლიცენზიის უფასოდ განახლებაMachine connect-ის ლიცენზიის უფასოდ განახლება

2026 წლის შემოდგომიდან CLAAS-ის მომხმარებლებს Machine connect-ის ლიცენზიის ყოველწლიური განახლებისთვის დამატებითი საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ. ლიცენზია ავტომატურად განახლდება როგორც CLAAS connect-თან უკვე დაკავშირებულ, ისე ახალ ტექნიკაზე. შესაბამისად, არც მომხმარებლებს და არც პროდუქციის გამყიდველებს აღარ დასჭირდებათ ლიცენზიის ვადის კონტროლი.

Exatrek-თან პარტნიორობა Exatrek-თან პარტნიორობა

CLAAS აგრძელებს ციფრული ეკოსისტემის განვითარებას, რომლის მიზანია სხვადასხვა ბრენდის ტექნიკის ერთიან სისტემაში მართვა. ამ მიმართულებით კომპანია სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს Exatrek-თან, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ბრენდის ტექნიკის ტელემეტრიული მონაცემების ერთ სისტემაში შეგროვება და ანალიზი.

CLAAS connect დღესაც სთავაზობს მომხმარებლებს ამ ტიპის შესაძლებლობებს, მაგალითად, სმარტფონის GPS-ის, LACOS-ის, Exatrek-ის და DataConnect-ის საშუალებით ტექნიკის გარკვეული ტიპის მონიტორინგი უკვე ხორციელდება.

მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშების წარმოებამონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშების წარმოება

CLAAS connect-ის სისტემა, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოების გარდა, ავტომატურად ამზადებს საველე სამუშაოების, საწვავისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და მოსავლიანობის ანგარიშებსაც. მონაცემები მუშავდება ნაკვეთების, კულტურებისა და შესრულებული სამუშაოების მიხედვით, რაც ფერმერებს საქმიანობის უკეთ შეფასებასა და უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

სხვა პროგრამებთან ინტეგრაციასხვა პროგრამებთან ინტეგრაცია

CLAAS აგრძელებს API-ინტერფეისებისა და პარტნიორული ქსელის გაფართოებას. ამის შედეგად, CLAAS connect-ში შეგროვებული მონაცემების გამოყენება შესაძლებელი გახდა სხვა სასოფლო-სამეურნეო პროგრამებისთვისაც. პლატფორმა უკვე თანამშრომლობს ისეთ სისტემებთან, როგორებიცაა John Deere Operations Center, Case IH FieldOps, New Holland FieldOps, Climate FieldView, Cropwise Operations, xFarm, Omnia, Agrinavia FIELD, FarmAct, CropX და სხვა.

Remote Display View

2026 წლის შემოდგომიდან ხელმისაწვდომი გახდება Remote Display View ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც მეურნეობის მენეჯერს, ფერმერის პარტნიორებსა თუ დამხმარე პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ CLAAS connect-ის ეკრანი დისტანციურად იხილონ და ოპერატორს დახმარება რეალურ დროში გაუწიონ.

წვდომა მხოლოდ ოპერატორის ნებართვით გაიცემა, მისივე სურვილით ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი კავშირის გაწყვეტა. ამ ფუნქციის გამოყენებისთვის დამატებითი ტექნიკა ან ლიცენზია საჭირო არ იქნება.

DIGITAL CARE

CLAAS იწყებს DIGITAL CARE მომსახურებას, რომელიც მომხმარებლებს CLAAS connect პლატფორმის გამართვასა და მის სრულფასოვნად გამოყენებაში დაეხმარება. მომსახურება მოიცავს ტექნიკის რეგისტრაციასა და სისტემის საწყის კონფიგურაციას, არსებული საველე მონაცემების გადატანას, დისტანციურ ტექნიკურ მხარდაჭერას, მომხმარებელთა ტრენინგებს, ასევე ლიცენზიებისა და კავშირის რეგულარულ შემოწმებას.

გარდა ამისა, DIGITAL CARE-ის პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებს შეეძლებათ კომბაინის მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე მიიღონ მოსავლიანობისა და ცილის შემცველობის რუკები, რომლებიც ფერმერებს მინდვრის სხვადასხვა მონაკვეთის შედეგების ანალიზსა და მომდევნო სეზონისთვის უფრო ზუსტი აგრონომიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.

DIGITAL CARE ხელმისაწვდომი იქნება CLAAS-ის ტრაქტორების და კომბაინების მომხმარებლებისთვის.

2026 წლის განახლებებით CLAAS კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და დამხმარე ციფრული მოწყობილობების ახალ სტანდარტებს ქმნის. კომპანია წლიდან წლამდე ამარტივებს ყოველდღიური სამუშაოების მართვას, მომხმარებლებს დროისა და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს და ფერმერებს ეხმარება უფრო ზუსტი, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, მეურნეობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უზრუნველყოფს.


Oto Fareshishvili