კიტრის წარმოება სათბურში – გზამკვლევი მაღალი და ხარისხიანი მოსავლისთვის

Oto Fareshishvili
27.08.26 04:16 PM - Comment(s)

კიტრი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სწრაფბრუნვადი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. მისი ვეგეტაციის პერიოდი შედარებით მოკლეა, რაც წელიწადში რამდენიმე მოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე, მასზე მოთხოვნაც მუდმივია, რის გამოც მისი წარმოება განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს სათბურებში. 

კიტრის სასათბურე წარმოება ფერმერისთვის ეკონომიკურადაც მომგებიანია, რადგან წელიწადის იმ დროს, როდესაც კულტურის ღია გრუნტში მოყვანა შეუძლებელია, სათბურებში წარმოებული კიტრის რეალიზაციის ფასი კიდევ უფრო იზრდება. გარდა ამისა, ტემპერატურის, ტენიანობისა და სხვა ფაქტორების გაკონტროლებით, გაცილებით მარტივდება სტაბილური, ხარისხიანი და დიდი მოცულობის მოსავლის მიღება. მიუხედავად ამისა, საუკეთესო შედეგისთვის აუცილებელია სწორად წარიმართოს კიტრის საწარმოო პროცესები – სათესლე მასალის შერჩევიდან დაწყებული მოსავლის შენახვით დამთავრებული. 

ჰიბრიდების სწორად შერჩევა – წარმატების საფუძველი

კიტრის სათესლე მასალა განსაზღვრავს არა მხოლოდ მოსავლის მოცულობას, არამედ ნაყოფის ხარისხს, ერთგვაროვნებას და დაავადებებისადმი გამძლეობას. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სწორად შერჩევა.

დახურულ სივრცეში რეკომენდებულია პართენოკარპული სათესლე მასალის გამოყენება, რომელიც ნაყოფს დამტვერვის გარეშე გვაძლევს. ეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სათბურის პირობებში, სადაც მწერების აქტივობა შეზღუდულია. გარდა ამისა, მათი დახმარებით მიიღება ერთგვაროვანი და ვიზუალურად მიმზიდველი ნაყოფი, რაც კომერციულად გაცილებით მოგებიანია. 

ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია როგორც მოკლენაყოფიანი, ისე გრძელნაყოფიანი ჰიბრიდები. არჩევანი დამოკიდებულია მოთხოვნაზე – ადგილობრივ ბაზარზე ხშირად უპირატესობა ენიჭება მოკლე კიტრს, მაშინ როდესაც  საექსპორტო ბაზრებზე გრძელნაყოფიანი პროდუქტი უფრო მოთხოვნადია.

მიკროკლიმატის მართვა

კიტრი მგრძნობიარე კულტურაა და მარტივად რეაგირებს გარემო პირობების ცვლილებაზე. ამიტომ მიღებული შედეგი დიდწილად დამოკიდებულია სათბურში მიკროკლიმატის სწორად მართვაზე. 

სათბურის კიტრისთვის ოპტიმალური ტემპერატურა დღისით დაახლოებით 22-25°C-ია, ღამით კი – 18-20°C. ამ პარამეტრების დაცვა უზრუნველყოფს მცენარის სტაბილურ ზრდას და ნაყოფის სწორ ფორმირებას. ტემპერატურის მკვეთრი რყევები ხშირად იწვევს ყვავილების ჩამოცვენას და მოსავლიანობის შემცირებას. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ტენიანობის კონტროლიც. მაღალი ტენიანობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის სოკოვანი დაავადებების განვითარებისთვის. ამიტომ აუცილებელია სათბურის რეგულარული ვენტილაცია და ჰაერის ცირკულაციის უზრუნველყოფა. 

თანამედროვე აგრომეურნეობაში ხშირად მიმართავენ სათბურების CO₂-ით გამდიდრებას, რაც ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ხელოვნურ გაზრდას გულისხმობს. მისი ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება უზრუნველყოფს ფოტოსინთეზის დაჩქარებას და ხელს უწყობს მცენარის ბიომასის ზრდას, რამაც საბოლოოდ შესაძლოა მოსავალი 20-30%-ითაც კი გაზარდოს.

დარგვის ტექნოლოგია და სუბსტრატის მომზადება

თანამედროვე სათბურებში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება ინერტული სუბსტრატები, როგორებიცაა ტორფი, ქოქოსის ბოჭკო და მინერალური ბამბა. მათი მთავარი უპირატესობებია:

  • კვების ზუსტი მართვა — საკვები ელემენტების ბუნებრივი შემცველობა,  განსაკუთრებით ინერტულ სუბსტრატებში (მინერალური ბამბა, ქოქოსი), მინიმალურია, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს, სრულად გააკონტროლოს მცენარის კვების დოზირება და გრაფიკი.

  • დაავადებების რისკის შემცირება — სუბსტრატები სტერილური ან პათოგენებისგან თავისუფალია, რაც მკვეთრად ამცირებს ნიადაგობრივი დაავადებებისა და ფესვის სიდამპლეების გავრცელების ალბათობას.

  • წყლისა და ჰაერის ოპტიმალური ბალანსი — სუბსტრატები კარგად ინარჩუნებს ტენიანობას და ამავდროულად უზრუნველყოფს ჭარბი წყლის ეფექტიან დრენაჟს და ფესვთა სისტემისთვის ჰაერის მიწოდებას.

  • ერთგვაროვანი ზრდა — კონტროლირებადი გარემო უზრუნველყოფს მცენარეების თანაბარ განვითარებასა და ხარისხიანი, ერთგვაროვანი მოსავლის მიღებას

დარგვისას მნიშვნელოვანია მცენარეებს შორის სწორი დაშორებების დაცვაც, რათა თითოეულ ნერგს ჰქონდეს საკმარისი სინათლე, ჰაერი და საკვები რესურსი.

მცენარის მოვლა და ფორმირება

მცენარის სწორად ფორმირება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ის ხელს უწყობს მცენარის ენერგიის სწორ გადანაწილებას ვეგეტატიურ მასასა (ფოთლები/ღერო) და გენერაციულ ორგანოებს (ნაყოფი) შორის და, შედეგად, ნაყოფის ჯანსაღად განვითარებას. თუ მცენარის ფოთლოვანი მასა ზედმეტად ვითარდება, ნაყოფის რაოდენობა მცირდება. ხოლო მცენარის ზედმეტი ნაყოფით დატვირთვა მცენარის სწრაფად გამოფიტვას იწვევს. ამიტომ აუცილებელია მათ შორის ბალანსის დაცვა.

თანამედროვე სათბურებში ხშირად გამოიყენება High-wire სისტემა, სადაც მცენარე იზრდება მაღალ შპალერზე. ამ შემთხვევაში აუცილებელია: 

  • მცენარის ძირის გასუფთავება — ღეროს ქვედა ნაწილში (დაახლოებით 50 სმ სიმაღლემდე) ყველა ნასკვისა და გვერდითი ტოტის მოცილება. ეს ეხმარება მცენარეს მთელი ენერგია ჯერ ძლიერი ფესვთა სისტემის განვითარებისთვის მიმართოს.

  • გვერდითი ტოტების მოცილება (სხვლა) მთავარ ღეროზე ამოსული გვერდითი ტოტების რეგულარული მოჭრა. შედეგად, მცენარე ძალას არ კარგავს ზედმეტ ტოტებზე და ნაყოფი პირდაპირ მთავარ ღეროზე იზრდება.

  • ძველი ფოთლების მოცილა იმ ზონის ქვემოთ, საიდანაც მოსავალი უკვე დავკრიფეთ, ძველი და დაავადებული ფოთლების პერიოდულად მოცილება.

მორწყვა და კვება (ფერტიგაცია)

სათბურებში უმეტესად გამოიყენება წვეთოვანი მორწყვა, რაც უზრუნველყოფს მცენარისთვის წყლის თანაბარ და ეკონომიურ მიწოდებას. შედეგად, მცენარე იღებს ზუსტად იმდენ წყალს, რამდენიც მას სჭირდება. გარდა ამისა, წვეთოვანი ირიგაცია მცენარის ფერტიგაციის საშუალებასაც იძლევა. სასუქების ნიადაგში შეტანა სარწყავ წყალთან ერთად მცენარისთვის საკვები ელემენტების მიწოდებას ზუსტად იმ დროს უზრუნველყოფს, როცა მას სჭირდება. 

აღსანიშნავია, რომ ნაყოფის ფორმირების ფაზაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცული იყოს აზოტის, კალიუმისა და კალციუმის ბალანსი. ნაყოფი აქტიური ზრდის ფაზაში იზრდება კალიუმის K და კალციუმის Ca მოთხოვნა (აზოტთან — N ბალანსში), რაც უზრუნველყოფს ნაყოფის მკვრივ სტრუქტურას, გამძლეობასა და მაღალ გემოვნურ თვისებებს. ამასთანავე, აუცილებელია სარწყავ წყალში მოხდეს pH-ისა და EC-ის მონიტორინგი, რადგან მათი დარღვევის შემთხვევაში ფერხდება საკვები ელემენტების ათვისება. 

მავნებელ-დაავადებების ინტეგრირებული დაცვა (IPM)

სათბურში მავნებლები და დაავადებები სწრაფად ვრცელდება, ამიტომ მათი მართვა უნდა იყოს სისტემური და წინასწარ დაგეგმილი. ინტეგრირებული დაცვის სისტემა (IPM) აერთიანებს როგორც პროფილაქტიკურ, ისე არსებულ მავნებლებთან და დაავადებებთან გამკლავების მექანიზმებს. 

კიტრის კულტურებში ყველაზე გავრცელებული მავნებლებია:

  • აბლაბუდიანი ტკიპა – იკვებება მცენარის წვენით და აზიანებს ფოთლებს, იწვევს ზრდის შენელებას და ნაყოფის დეფორმაციას.

  • თრიფსი – აფერხებს ფოტოსინთეზს და იწვევს ნაყოფის დაზიანებას.

  • ფრთათეთრა – აზიანებს ნაყოფს, ფოთლებსა და ყვავილებს, ის ასევე ავრცელებს ვირუსებს და ზრდის დაავადებების განვითარების რისკს.

დაავადებებში კი ყველაზე ხშირია:

  • ჭრაქი – სოკოვანი დაავადება, რომელიც ვრცელდება ტენიან გარემოში და იწვევს ფოთლების დაზიანებასა და ნაყოფის დეფორმაციას.

  • ნაცარი – ჩნდება თეთრი ფხვიერი საფარის სახით ფოთლებზე, ღეროებზე და ნაყოფზე. აფერხებს ფოტოსინთეზს და იწვევს მცენარის სუსტად განვითარებას.

  • ფესვის სიდამპლეები – თავს იჩენს ზედმეტი ტენიანობის დროს და იწვევს ფესვების ლპობას. 

ამ და სხვა მავნებლების თუ დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გამართული ირიგაცია და კვების ოპტიმალური პროგრამა. გარდა ამისა, მცენარეთა დაცვის საშუალებების სწორად და მიზანმიმართულად გამოყენება. 

მოსავლის აღება და შენახვა

მოსავლის აღების პროცესი და პროდუქციის შენახვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი მოყვანა. კიტრი უნდა იკრიფებოდეს რეგულარულად, პრაქტიკულად ყოველდღიურად, რათა სტიმულირდეს ახალი ნაყოფების წარმოქმნა. ზედმეტად გაზრდილი ნაყოფი ამცირებს მცენარის პროდუქტიულობას და საერთო მოსავალს. 

მოსავლის აღების შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი სწორად შენახვა-დაბინავება. ნაყოფის სწრაფი გაგრილება, სათავსში ტენიანობის შენარჩუნება და შესაბამისი შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქციის ხანგრძლივ შენახვას და ამცირებს დანაკარგს ტრანსპორტირებისას. 

სათბურში კიტრის წარმოებისთვის საჭირო ყველა პროდუქცია ხელმისაწვდომია „აგროსფეროში“. აქ იპოვით როგორც მაღალხარისხიან სათესლე მასალებს, ისე ინოვაციურ სასუქებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებსა თუ საირიგაციო სისტემებს. პროდუქციის სრულად სანახავად და მის შესაძენად ეწვიეთ მაღაზიათა ქსელს ან კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს.


Oto Fareshishvili